მთავარიგადაცემებიპრიზმასასტუმრო ტელეგრაფი

სასტუმრო ტელეგრაფი

ეს შენობა კარგა ხანს იყო ასე უძრავად, უმოქმედოდ. ისეთი მკვიდრი ნაშენი იყო, და ისეთი მოპირკეთებული, დრომაც ვერაფერი დააკლო. იდგა ასე, შუა რუსთაველზე, რესპუბლიკის მოედნის მახლობლად.

თბილისელი გამვლელები ამბობდნენ – „რა მაგარი შენობაა, ნეტა თუ მიხედავს ვინმე…“ და ქალაქის სტუმრები კი ამბობდნენ – „რა საინტერესო შენობაა, აქ კაფე არ არის? ყავა რომ დალიოს კაცმა…“

ახლა კი არის! და არა მარტო ყავის დასალევი ადგილები, და არც მარტო საუკეთესო სამზარეულო და უმაღლესი სინჯის სასტუმროს ნომრები… გაცოცხლებული ტელეგრაფის შენობა ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ტელეგრაფი“ გახდა, და იგი საქართველოს დედაქალაქის ერთ-ერთ უმშვენიერეს ადგილად იქცა, კავშირების დამყარებისა და სტუმრების მიღების ადგილად,  თავშეყრისა და იდეების დაბადების შესაძლებლობად.

„ამ შენობამ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როცა მობილური ტელეფონები გაჩნდა, ფუნქცია დაკარგა. ტელეფონში 10 000-ჯერ მეტი ინფორმაციაა – შემიძლია ჩემს შვილს დავურეკო, ნებისმიერს დავუკავშირდე მსოფლიოში… ამ შენობას ფუნქცია აღარ ჰქონდა. კიდევ კარგი, ისეთი ხალხის ხელში არ ჩავარდა, ვინც აქ რამე საშინელებას გააკეთებდა – სავაჭრო ცენტრს, ან რაღაცას… ცნობილმა არქიტექტორებმა დიზაინი ძალიან ლამაზად გააკეთეს. შუა ადგილი, ღია ცა, გამწვანება… ყველა ნომერი ვიცი: არის ძალიან ეკონომიური, პატარა ნომრები, არის საშუალო და მაღალი დონის ნომრები. ე. ი. ყველანაირი შესაძლებლობის ადამიანზეა გათვლილი, რაც ძალიან ჭკვიანურია”, – ამბობს მხატვარი გოგი ალექსი-მესხიშვილი.

ცენტრალური ტელეგრაფის შენობის საეტაპო პროექტის ავტორები არიან არქიტექტორები ლადო ალექსი-მესხიშვილი და თეიმურაზ მიქაშავიძე. ეს გამორჩეული პროექტი იმთავითვე აღიარეს როგორც არქიტექტურის განსაკუთრებულად გამორჩეული ნიმუში.

და თუ ძნელია, ძველ სხეულში ახალი სულის ჩადგმა, თან ამ სულის სრულად შენარჩუნება, ამას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალებმა უნდა მოჰკიდონ ხელი. და ასეთია სწორედ მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული არქიტექტურული სტუდია Neri&Hu. აი რას ამბობდა, არქიტექტურული ძეგლის გაცოცხლების თაობაზე, თბილისში მყოფი “ნერი ენდ ჰუს” თანადამფუძნებელი ლინდონ ნერი მაშინ, როცა სამუშაოები ახალი დაწყებული იყო:

„არსებულ ნაგებობებზე მუშაობა რთულია, მაგრამ ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანი. შენობები ადამიანების წარსულ მოგონებებს აცოცხლებენ. სიძველისადმი მოწიწებით მოპყრობა მნიშვნელოვანია. მე არ ვგულისხმობ ნოსტალგიას და შენობებისა და ნაგებობების უცვლელად დატოვებას. უნდა განახლდეს შემადგენელი ნაწილები, რომელთა შეცვლაც აუცილებელია, მით უმეტეს როდესაც საუბარია თანამედროვე სტანდარტებზე და სასტუმროდ გადაკეთებაზე. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ შენობის არსის შეცნობაა. შეცნობა იმისა, თუ რა მიანიჭებს სიცოცხლეს ამ შენობას. ასევე ცვლილებების ფონზე უნდა შენარჩუნდეს ის სულისკვეთება, რომელიც ამ შენობის აგების წყარო იყო. ნამდვილი გამოწვევაა, რომ განახლების მიუხედავად შენარჩუნდეს ის ემოცია, რომელიც ამ შენობის ისტორიასთან არის დაკავშირებული.“

ასე იძენდა ახალ სიცოცხლეს სასტუმრო ტელეგრაფი. იმ არქიტექტორების ხელით, ვისთვისაც ყველაზე მთავარი ადამიანი და ბუნებრივი გარემოა, იმ ხალხის ხელით, ვისთვისაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დედამიწის მომავალსა და ეკოლოგიას.

„დღეს არაჩვეულებრივი დღეა – საბოლოოდ დავასრულეთ პროექტი, რომელზეც თითქმის ოთხი წელი ვმუშაობდით. ვფიქრობ, ყველაზე საინტერესო ის არის, რომ თბილისს ახალი საზოგადოებრივი სივრცე შეემატა. ეს იქნება ადგილი, რომელიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ტურისტებისთვის, არამედ ქალაქის მცხოვრებთათვისაც – მათ ახალი სივრცე ექნებათ, სადაც დროის გატარებას, ერთმანეთთან შეხვედრას თუ ცხოვრებას შეძლებენ. პროექტზე მუშაობის გზა ძალიან ხანგრძლივი და საინტერესო იყო. განსაკუთრებით საინტერესო იყო მუშაობა ასეთ გამორჩეულ არქიტექტურულ ნაგებობაზე – ვიტყოდი, არქიტექტურის ძალიან მნიშვნელოვან შედევრზე. ძველ, მიტოვებულ სივრცეზე მუშაობის შესაძლებლობა და მისთვის ახალი სიცოცხლის მიცემა „სილქ როუდის“ გუნდთან ერთად მართლაც საოცარი იყო. ვფიქრობ, ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც აქ შევძელით“, – აღნიშნავს ფედერიკო სარალვო, Neri & Hu-ს წამყვანი არქიტექტორი.

სასტუმრო „ტელეგრაფი“ სილქ როუდ ჯგუფის კიდევ ერთი დიდი პროექტია. ეს პირველი სასტუმროა რეგიონში, რომელიც მსოფლიოს წამყვანი სასტუმროების ორგანიზაციას The Leading Hotels of The World -ს შეუერთდა. ეს კი საქართველოს სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტის დანერგვას ნიშნავს.

„ეს სასტუმრო The Leading Hotels of The World-ის ძალიან სერიოზული გაერთიანების ნაწილია. ამ გაერთიანებაში არიან ძალიან ცნობილი და ძალიან მაღალი დონის სასტუმროები. და ჩვენ ეს უფლება მოვიპოვეთ.

ბოლო სართულზე არის  Rolling Stone ბარი. ჩვენ Rolling Stone Magazine-ის ლიცენზია შევიძინეთ. როგორც იცით, Rolling Stone-ს 60 მილიონი მკითხველი ჰყავს. ეს მათი პირველი ბარია, პირველი ადგილია, რომელიც ჟურნალთან არ არის დაკავშირებული, თუმცა მეორე მხრივ, ის რაც აქ ჩატარდება – ღონისძიებები თუ კონცერტები, ამ გამოცემაში დაიბეჭდება, რაც ცნობადობას მიანიჭებს როგორც ამ ბარს, ისე თბილისსა და ტელეგრაფს. მგონი, ეს კიდევ ერთი კარგი და საინტერესო დეტალია”, – ამბობს გიორგი რამიშვილი, Silk Road Group-ის დამფუძნებელი.

„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გიორგის და მთელ ამ ჯგუფს, რომ ეს შენობა შეინარჩუნეს. ეს მამაჩემის ერთ-ერთი საუკეთესო პროექტია. სამწუხაროდ, მისი ძალიან ბევრი ნამუშევარი ან განადგურებულია, ან სტატუსი არ აქვს, ან დამახინჯებულია და უგემოვნოდ არის… ეს შენობა კი საოცრად არის შენახული – როგორ გარე, ისე შიდა ინტერიერიც. მეც ვიმუშავე ამ პროექტზე, ოთახების გაფორმებაზე და ა. შ. არაჩვეულებრივადაა გაკეთებული. მგონია, რომ დიდი მომავალი აქვს. ეს ყველაფერი მრავალფუნქციური გახდა. ქალაქის შუაგულშია და გემოვნებიანი ადამიანი რომ შემოვა, მგონი ძალიან კარგად შეაფასებს. კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პირადად გიორგის და მთელ ჯგუფს, რომელიც ამაზე მუშაობდა. მე მგონია, რომ ეს სამაგალითო ნიმუშია, თუ როგორ უნდა გაუფრთხილდე მემკვიდრეობას, რისი დიდი ტრადიციაც ჩვენთან, სამწუხაროდ, არ არის“, – ამბობს გოგი ალექსი-მესხიშვილი.

გარედან ვერც მიხვდები, როგორ იტევს ეს შენობა 2 შიდა ეზოს, 239 სხვადასხვა სახის ნომერს, სრულიად განსხვავებულ 7 რესტორანს, ჯაზ კლუბს, სამუშაო და საკონფერენციო ოთახებს, და ათას სხვა მყუდრო თუ საჯარო ადგილს… და ყველგან, ყველა ამ კუთხეში, საქართველოში ჩამოსულ ტურისტებსა თუ საქმიან სტუმრებს ელოდებათ შესაბამისი მასპინძლობა და კომფორტი:

„ეს იყო ადგილი, სადაც წერილები მოდიოდა და მიდიოდა, ამანათები მოდიოდა და მიდიოდა – ახლა კი ადამიანები მოდიან და მიდიან… ვფიქრობ, კარგია ისეთი სივრცის შექმნა, სადაც ადამიანები ერთმანეთს ხვდებიან, სადაც კარგად შეუძლიათ დაძინება. მე გუშინ პირველად გავათენე ღამე ამ სასტუმროში და ჩემმა მობილურმა და საათის სისტემამ აჩვენა, რომ აქ ძილი 100 პროცენტით ხარისხიანია. ამიტომაც გეუბნებით დარწმუნებით, რომ აქ ნამდვილად არის 100 პროცენტით ხარისხიანი გარემო. ჰოდა, მობრძანდით!…“ – თქვა სასტუმროს პრეზენტაციაზე Silk Road Group-ის პარტნიორმა, ერკინ ტატიშევმა.

ამგვარი პროექტი ცხადია, განსაკუთრებით მსხვილ ინვესტიციას მოითხოვდა. ტელეგრაფის რეკონსტრუქციისთვის გაწეული ინვესტიცია 65 მილიონ ევროს შეადგენს და ეს ქვეყნის ორი უმსხვილესი ბანკის, თიბისის და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.

„ტელეგრაფი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია მთელი საქართველოსთვის. როგორც მოგეხსენებათ, მას 50 წელზე დიდი ხნის ისტორია გააჩნია. ჩვენ Silk Road ჯგუფთან უკვე 10 წელზე მეტია სტრატეგიულად ვთანამშრომლობთ. უამრავი პროექტი გვაქვს მათთან ერთად, ასე ვთქვათ, პარტნიორულად დაფინანსებული… ვფიქრობთ, ამ შენობამ ახალი სიცოცხლე შეიძინა. და არა მარტო თბილისელებისთვის, არამედ მთელი ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა Silk Road ჯგუფს და მის პარტნიორებს მივულოცო. მიგვაჩნია, რომ ძალიან საინტერესო პროექტი დაფინანსდა“, – აღნიშნავს ვახტანგ ბუცხრიკიძე, „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი.

„ეს ძალიან ლამაზი ძეგლია, რომლის ახალი სიცოცხლეც დღეს დაიწყო. იგი წლების და წლების განმავლობაში იქნება ასეთი ლამაზი და ამ ქალაქს მოემსახურება. ჩვენ გვქონდა პატივი, დამფინანსებელი ბანკი ვყოფილიყავით ჩვენს პარტნიორ ბანკთან ერთად. მგონია, რომ ქართული საბანკო სექტორის მიერ ასეთი მასშტაბის პროექტების დაფინანსების საშუალება რომ არსებობს, ეს ქვეყნის დიდი წარმატების ნიშანია. ჩვენ გვიხარია ამ ჯგუფთან თანამშრომლობა და მოგვწონს ის პროექტები, რომელსაც ისინი ახორციელებენ“, – ამბობს არჩილ გაჩეჩილაძე, „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი.

ტელეგრაფის რეკონსტრუქცია თბილისის რესპუბლიკის მოედნის განვითარების კონცეფციის ერთ-ერთი შემადგენელი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია.

სასტუმრო ტელეგრაფში პირველი სტუმრები მოდიან. ზოგმა უკვე შეიტყო მისი გახსნის ამბავი და მისთვის მორგებულ სასტუმრო ნომერს არჩევს… ზოგს კი უბრალოდ, ამ ულამაზეს სივრცეში  ჩამოჯდომა და საუბარი უნდა…

სასტუმროს ნამდვილი სიცოცხლე კი სწორედ მაშინ დაიწყება, როცა აქ სტუმრები ახმაურდებიან და ერთმანეთს შეერევა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ხალხის საუბარი.

სიტყვები „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება” კი, ალბათ ყველა ენაზე გასაგებია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend