ზაფხულის ტესტებისთვის საქართველოს ნაკრების თავკაცმა რიჩარდ კოკერილმა გაფართოებული, 36-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
ზაფხულის ტესტების ფარგლებში “ბორჯღალოსნები” პირველ მატჩს 5 ივლისს ირლანდიის წინააღმდეგ გამართავენ. მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
ეროვნულ ნაკრებს ტრამვების გამო რამდენიმე მორაგბე დააკლდება, მათ შორის ბექა გორგაძე, გიორგი შველიძე, გელა აფრასიძე, ბექა შვანგირაძე და სხვები. თუმცა როგორც მთავარი მწვრთნელი ამბობს, შემადგენლობით კმაყოფილია.
“შეკრების პირველი დღეა შესაბამისად მთლიანი შემადგენლობა ჯერ არ შეკრებილა. მხოლოდ საქართველოში მოთამაშე მორაგბეები შემოგვიერთდნენ. ველოდებით ლეგიონერებს, საფრანგეთში მოთამაშე მორაგბეებს. ირლანდიის მატჩამდე სამი კვირა გვაქვს. ამ კვირაში შესავალი გვექნება და შემდგომ უფრო ინტენსიურ სარაგბო ვარჯიშებზე გადავალთ. კარგი შემადგენლობა გვყავს. ტრამვის გამო 7-8 მორაგბე დაგვაკლდება. შესაძლებელია ისეთი ძლიერი შემადგენლობა არ არის, როგორსაც ვისურვებდით, თუმცა მაინც ძალიან ძლიერი შემადგენლობა გვყავს, რომელიც ძალიან კონკურენტუნარიანი იქნება. ირლანდია მსოფლიო რეიტინგში მესამე ადგილზეა. ვიცით რომ 13-15 მორაგბე ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებშია გამოძახებული, თუმცა ამის მიუხედავად ისინი მაინც ძლიერი შემადგენლობით ჩამოდიან. ვიცით, რომ რთული მატჩი იქნება, მაგრამ ეს ჩვენთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა,” – ამბობს საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რიჩარდ კოკერილი.
საზაფხულო ტესტების ფარგლებში “ბორჯღალოსნები” 12 ივლისს სამხრეთაფრიკულ ჩიტაზს დაუპირისპირდებიან, ხოლო 19 ივლისს მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკას. ორივე შეხვედრას ეროვნული გუნდი სტუმრად გამართავს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
შერკინება: ნიკა აბულაძე, გიორგი ახალაძე, დავით აბდუშელიშვილი, ვანო კარკაძე, ირაკლი ქვათაძე, ვახტანგ ჯინჭარაძე, ირაკლი აფციაური, ბექა გიგაშვილი, ალექსანდრე ქუნთელია, ბაჩუკი ჭუმბაძე, მიხეილ ბაბუნაშვილი, გიორგი ჯავახია, ჩაჩანიძე, გურამ ღანიშვილი, ბექა საღინაძე, ლუკა ივანიშვილი, თორნიკე ჯალაღონია, ილია სპანდერაშვილი, გიორგი ცუცქირიძე, გიორგი სინაურიძე
უკანა ხაზი: ვასილ ლობჟანიძე, მიხეილ ალანია, თენგიზ პერანიძე, ლუკა მატკავა, თედო აბჟანდაძე, გიორგი კვესელაძე, დემე თაფლაძე, თორნიკე კახოიძე, გიორგი ხაინდრავა, დავით ნინიაშვილი, აკაკი ტაბუცაძე, დაჩი პაპუნაშვილი, ალექსანდრე თოდუა, შალვა აფციაური, ლუკა ცირეკიძე, ოთარ მეტრეველი.