აქტივისტი თემურ ქათამაძე, რომელსაც საზოგადოება „ბათუმელ მედროშედ” იცნობს, საქართველოდან გააძევეს.
„თემურ ქათამაძემ არ ისარგებლა ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების შესაძლებლობით, შესაბამისად, მისი გაძევება იძულების წესით მოხდა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად“,- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ინფორმაცია თემურ ქათამაძის თურქეთში გადაყვანის შესახებ თავდაპირველად აქტივისტის მეუღლემ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა, თამთა მიქელაძემ გაავრცელეს. „რუსეთის იმპერიამ აიძულა გადასახლება თემურის წინაპრებს, „ქართულმა ოცნებამ” კი, მუჰაჯირების მეოთხე შთამომავალს იგივე განაჩენი გამოუტანა“, – ვკითხულობთ თამთა მიქელაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.
თემურ ქათამაძე თავდაპირველად პოლიციამ 11 იანვარს ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავა. მოგვიანებით, 5 დღიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლებული „ბათუმელი მედროშე“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად საპატიმროს დატოვების დღესვე მეორედ დააკავეს – ამჯერად მას საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავებოდნენ.
აქტივისტის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომ 5 ივნისს მიიღო – მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა არ დააკმაყოფილა საჩივარი, რომლითაც თემურ ქათამაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა საქართველოდან მისი გაძევების შესახებ.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ თანახმად, თურქეთში თემურ ქათამაძეს ხუთიდან ათ წლამდე პატიმრობა ემუქრება – გამოცემა „ბათუმელების” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იგი ფეტულა გიულენის ტერორისტულად გამოცხადებული მოძრაობის – FETO-ს წევრად მიიჩნევა.