პოლონეთის არჩეული პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი ვარშავაში, პრეზიდენტის სასახლეში, მოქმედ პრეზიდენტ ანჯეი დუდას შეხვდა. ეს მისი საჯაროდ გამოჩენის პირველი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტად აირჩიეს.
ანჯეი დუდამ კაროლ ნავროცკი სასახლეში 3 ივნისის საღამოს მიიწვია და მედიასთან განაცხადა, რომ მისთვის საკუთარი გამოცდილების გაზიარებას აპირებს უსაფრთხოებისა და საერთაშორისო პოლიტიკის სფეროში.
Prezydent @AndrzejDuda i Prezydent elekt @NawrockiKn.
Ojczyzna jest naszą wspólną Wielką Sprawą! 🇵🇱 pic.twitter.com/3dSBPdhMbS
— Kancelaria Prezydenta (@prezydentpl) June 3, 2025
კაროლ ნავროცკი პრეზიდენტის თანამდებობას 6 აგვისტოს დაიკავებს. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ნავროცკის საშინაო და საგარეო პოლიტიკამ შესაძლოა ვარშავასა და ბრიუსელს შორის ურთიერთობები დაძაბოს, ხოლო ქვეყანა შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ადმინისტრაციასთან უფრო დააახლოოს. წინასაარჩევნო პერიოდში კაროლ ნავროცკი ტრამპის დიდი მხარდაჭერით სარგებლობდა.
პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური პირველ ივნისს ჩატარდა და კონსერვატორმა კაროლ ნავროცკიმ ხმათა 50.9% მიიღო, ხოლო მისმა მეტოქემ, რაფალ ტშასკოვსკიმ – 49.1%.