საფრანგეთში, საფეხბურთო კლუბ „პარი სენ-ჟერმენის” ჩემპიონთა ლიგის მოგების აღნიშვნას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მას შემდეგ, რაც პარიზულმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში “ინტერ მილანი” ანგარიშით 5-0 დაამარცხა, საფრანგეთში მოსახლეობა გამარჯვების აღსანიშნავად ქუჩებში გამოვიდა. გამარჯვების ზეიმი კი გვიან ღამით ძალადობრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული. შეტაკებების შედეგად 563 პირი დააკავეს. სამინისტროს ცნობით, ერთ-ერთი დაღუპული პარიზის მოქალაქეა, რომელსაც მანქანა დაეჯახა, როდესაც ის სკუტერით გადაადგილდებოდა.
მეორე გარდაცვლილი კი 17 წლის ბიჭია, რომელიც ქალაქ დაქსში ზეიმის დროს დანით დაჭრეს. საფრანგეთის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ერთი პოლიციელი ამ დრომდე კომაშია, რადგან გულშემატკივრების მიერ ნასროლმა ფეიერვერკმა თვალის არეში მძიმე დაზიანება მიაყენა.
„დღეს გაბრაზებული ვართ მეც და საფრანგეთის ის მოქალაქეებიც, რომლებიც არ ეგუებიან მსგავს ძალადობას. უსაფრთხოების ძალების მასშტაბური მობილიზაციის გარეშე ჩვენ აღარ შეგვიძლია დიდი სპორტული ღონისძიებების ჩატარება. ეს აჩენს კითხვებს. საფრანგეთი, პატიოსანი ხალხის საფრანგეთი, ამას არ ეგუება”, – განაცხადა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბრუნო რეტაიომ.
ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გუნდი პარიზში კვირას დაბრუნდა. მათ 110 000-ამდე გულშემატკივარი დახვდა. მოგვიანებით მათ და ფეხბურთელებმა გამარჯვება „პარი სენ-ჟერმენის“ სტადიონზე, პარკ დე პრენსზე, იზეიმეს.