42 წლის მემარჯვენე ევროსკეპტიკოსი კაროლ ნავროცკი პოლონეთის პრეზიდენტია. მან საკუთარი მეტოქე, ვარშავის ლიბერალი მერი, რაფალ ტშასკოვსკი მცირე უპირატესობით, ხმათა 50,89%-ით დაამარცხა და შესაბამისად, მძიმე დარტყმა მიაყენა დონალდ ტუსკის ცენტრისტული მთავრობის პროევროპულ დღის წესრიგს.
როგორც პოლონეთის ახალი, ტრადიციული, კათოლიკური და ოჯახური ღირებულებების მხარდამჭერი პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი აცხადებს, მან ქვეყნის პატრიოტთა გაერთიანება შეძლო და პირობა დადო, რომ დაიცავს რიგითი პოლონელების უფლებებსა და ქვეყნის სუვერენიტეტს.
„მათ აიღეს ფული. პოლონეთის სახელმწიფო ინსტიტუტები ჩვენ წინააღმდეგ მომართეს. იტყუებოდნენ და იტყუებოდნენ, მაგრამ თქვენ, მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩემ გვერდით იდექით – ჩვენ შევძელით პოლონეთის პატრიოტთა გაერთიანება, იმ ადამიანების მთელი ჯგუფის, ვისაც ნორმალური პოლონეთი სურს; პოლონეთი უკანონო მიგრანტების გარეშე, უსაფრთხო პოლონეთი. ჩვენ მოვახერხეთ ყველა იმ მოქალაქის გაერთიანება, ვისაც საზოგადოებრივი უსაფრთხოება სურს. გაუმარჯოს პოლონეთს!“ – განაცხადა პოლონეთის არჩეულმა პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ.

ვარშავის მერი რაფალ ტშასკოვსკი დონალდ ტუსკის მმართველი პარტიის, სამოქალაქო კოალიციის სახელით იყრიდა კენჭს. მან ხმათა 49.11% მოიპოვა.
თავდაპირველად, კვირას გვიან ღამით ჩატარებული ეგზიტპოლის გამოქვეყნებისთანავე ორივე კანდიდატმა გამარჯვება გამოაცხადა, თუმცა, მოგვიანებით ტშასკოვსკიმ არჩევნებში დამარცხება აღიარა და კაროლ ნავროცკის გამარჯვება მიულოცა.
„მადლობა თითოეული ხმისთვის. მე ვიბრძოლე, რათა ერთად აგვეშენებინა ძლიერი, უსაფრთხო პოლონეთი. თანამედროვე პოლონეთი, რომელშიც ყველა შეძლებდა თავისი მიზნებისა და მისწრაფებების ასრულებას. მადლობა ყველას, ვინც ასეთ პოლონეთს მისცა ხმა.
ვწუხვარ, რომ ვერ შევძელი მოქალაქეთა უმრავლესობა პოლონეთის ჩემს ხედვაში დამერწმუნებინა.
ვულოცავ კაროლ ნავროცკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას“, – წერს რაფალ ტშასკოვსკი პლატფორმა X-ზე.
მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთის პრეზიდენტის თანამდებობა ძირითადად ცერემონიულ ფუნქციას ასრულებს და ქვეყნის საგარეო პოლიტიკას პრემიერ-მინისტრი უდგას სათავეში – კაროლ ნავროცკის კანონმდებლობაზე ვეტოს გამოყენების უფლება და მთავრობის რეფორმების შეფერხების შესაძლებლობაც ექნება.
იმის გათვალისწინებით კი, რომ ტუსკის კოალიციას პოლონეთის პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ხმების საკმარისი რაოდენობა არ აქვს – მოსალოდნელია, რომ კაროლ ნავროცკი დონალდ ტუსკის საქმიანობას მნიშვნელოვნად გაართულებს.
მისი გამარჯვება სავარაუდოდ, ასევე გააძლიერებს ანჯეი დუდას ეროვნულ-კონსერვატიულ ოპოზიციურ პარტიას, „კანონი და სამართალი“, რომელმაც ძალაუფლება 18 თვის წინ დაკარგა.
როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, პოლონეთის პრეზიდენტად კაროლ ნავროცკის არჩევა ევროკავშირთან ურთიერთობების დაძაბვას გამოიწვევს. მათი თქმით, დაძაბული და ახლო რბოლის გათვალისწინებით გაღრმავდება პოლონეთში არსებული შიდაპოლიტიკური დაპირისპირებაც.
„ეს ძალიან ცუდი ამბავია ევროკავშირისთვის, ისევე როგორც პოლონეთის მთავარი ევროპელი პარტნიორებისთვის, როგორებიც არიან გერმანია, საფრანგეთი და უკრაინა. ბატონი ნავროცკი ცნობილია თავისი ევროსკეპტიკური პოზიციით. ის ეწინააღმდეგება ევროპულ ინტეგრაციას და ევროპული თანამშრომლობის გაღრმავებას. ის ეწინააღმდეგება უკრაინის NATO-ში გაწევრებასაც.
პოლონეთის არჩევნების შედეგები აჩვენებს, რომ ეს კვლავ ღრმად დაყოფილი ქვეყანაა. მიუხედავად იმისა, რომ ამომრჩეველთა აქტივობა საპრეზიდენტო არჩევნების ისტორიაში რეკორდულად მაღალი იყო, ნავროცკიმ ოპონენტი ძალიან მცირედით დაამარცხა. რაც ნიშნავს, რომ პოლონეთის ნახევარი მის პრეზიდენტობას იზეიმებს, ხოლო მეორე ნახევარი, კვლავ ღრმად შეშფოთებული და აღელვებულია“, – განმარტავს იაცეკ კოჩარჩიკი, „პოლონეთის საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის” პრეზიდენტი.
ისტორიკოსი, ახალბედა პოლიტიკოსი და პოლონეთის არჩეული პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი ახლა, საკუთარი დაპირებების შესრულებას შეეცდება – დაიცვას პოლონეთის სუვერენიტეტი და არ დაუშვას ბრიუსელის გადაჭარბებული ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში.
პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ ისტორიულ მაქსიმუმს – 72.8%-ს მიაღწია, რაც ნიშნავს, რომ კენჭისყრაში პოლონეთის 21 მილიონამდე მოქალაქე მონაწილეობდა.