მთავარისპორტისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას იწყებს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას იწყებს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას იწყებს. 28 მაისს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

მისი თქმით, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს რთული ჯგუფი შეხვდა – ესპანეთი, თურქეთი და ბულგარეთი, თუმცა ნაკრები ყველაფერს ეცდება, რომ კიდევ ერთხელ გაახაროს ქართველი გულშემატკივარი და 2026 წელს გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვდეს.

საქართველოს ნაკრები 5 ივნისს, თბილისში, „დინამო არენაზე” ფარერებს დაუპირისპირდება, სამი დღის შემდეგ კი ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე კაბო-ვერდეს უმასპინძლებს.

„ძალიან რთულ ჯგუფში მოვხვდით. მიუხედავად იმისა, რომ ევროზე ვითამაშეთ, საკვალიფიკაციო ეტაპი ყოველთვის რთული იქნება. ჯგუფიდან პირველადგილოსანი გადის, მეორე კი პლეი ოფშია. ჩვენთან ესპანეთია ამ დროისთვის მსოფლიოში საუკეთესო გუნდი. რა თქმა უნდა, ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა ვითამაშოთ და ვცადოთ, მაქსიმუმი მივიღოთ. ძალიან გაგვიჭირდება, რომ ესპანეთს ვაჯობოთ და შესაბამისად, მეორე ადგილისთვის ვიბრძოლებთ. ეს უფრო რეალურია. კი, თურქეთიც ძალიან კარგი გუნდია, ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელით, თუმცა ჩვენ ჩვენი შანსები გვექნება.

რაც შეეხება ტაქტიკას მოახლოებული ამხანაგური მატჩებისთვის: ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი, რა იქნება ფურცელზე – მთავარია, როგორ ვიმოქმედებთ მინდორზე. გუნდში ბევრი ახალი მოთამაშე იქნება, რომლებმაც უნდა შეძლონ კონკურენციაში შესვლა. ძირითადი შემადგენლობის ბევრ ფეხბურთელს დასვენება სჭირდება. ორი ძალიან განსხვავებული გუნდის წინააღმდეგ ვითამაშებთ. ფარერების ნაკრები ფიზიკურად გამორჩეული, აგრესიული გუნდია, კაბო-ვერდე კი უფრო ტექნიკური – ბურთის ფლობაზე დაფუძნებული თამაში აქვთ. ჩვენ ორივე მეტოქისთვის მზად ვართ. ნაკრების ქუთაისში თამაში სწორი გადაწყვეტილებაა – ეს გუნდი ყველას ეკუთვნის და მარტო თბილისში არ უნდა ვითამაშოთ.

ახალწვეული საბა ხარებაშვილი 16 წლისაა, თუმცა უკვე ისე თამაშობს, როგორც 23-24 წლის ფეხბურთელი. ძალიან მომწონს და ამიტომაც გამოვიძახე. მინდა, დავაკვირდე და კარგად გავიცნო. ეს იმის გარანტია არ არის, რომ ორივე მატჩში 90 წუთი ითამაშებს. მინდა, უბრალოდ დავაკვირდე და გუნდს მივაჩვიო.

ჩვენი შეკრების გამო პსჟ-ინტერს ვერ დავესწრები, თუმცა, რა თქმა უნდა, ვუყურებ და ვუგულშემატკივრებ კვარას. თუ ხვიჩამ მოიგო გასახდელში ერთადერთი ლიგის გამარჯვებული აღარ ვიქნები, თუმცა წარმატებებს ვუსურვებ ხვიჩას. ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ის შთაგონების წყაროა, ქართული ფეხბურთის ლოკომოტივია და მინდა საუკეთესო ვუსურვო”, – განაცხადა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend