მალაიზიაში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის წევრი სახელმწიფოების, სპარსეთის ყურის ქვეყნებისა და ჩინეთის პირველი ერთობლივი სამიტი მიმდინარეობს.
მხარეები განიხილავენ ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო პერსპექტივებს. მალაიზიის დედაქალაქში იმყოფება 15 ქვეყნის ლიდერი.
სამიტზე სიტყვით გამოსვლისას აზიური სახელმწიფოების ლიდერებმა თქვეს, რომ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთობლივი ძალისხმევა.
„ჩვენი ქვეყნების განვითარების გზები არ არის ერთმანეთის მსგავსი, თუმცა, მჯერა, რომ ეს განსხვავებები არ წარმოადგენს თანამშრომლობის წინაღობას. ვფიქრობ, ეს ძლიერი მხარეებისთვის არის გარკვეული შესაძლებლობა.
ჩინეთი მზადაა, გააღრმაოს სტრატეგიული თანამშრომლობა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციისა და სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოსთან, რომელიც დაფუძნებული იქნება ურთიერთპატივისცემაზე, თანასწორობასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის გაძლიერებაზე.
ჩვენ უნდა მივისწრაფოდეთ, ვაქციოთ ჩვენი ძლიერი მხარეები საერთო სარგებლად. ამავე დროს ერთმანეთს დავეხმაროთ განვითარების ეტაპზე წარმოქმნილი პრობლემების მოგვარებაში“, – განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ლი ციანმა.
მხარეებმა ასევე თქვეს, რომ თანამშრომლობის შემთხვევაში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებს ექნებათ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სავაჭრო ბაზრის განვითარების შესაძლებლობა, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი 25 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს.