პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე ვარშავაში ორი მარში გაიმართა, მასში ათასობით პოლონელი მონაწილეობდა. ექსპერტების შეფასებით, არჩევნები, მართალია, დაძაბული იქნება, თუმცა მას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ქვეყნის მომავლისთვის.
ხალხი პოლონეთის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოვიდა ვარშავაში არა მხოლოდ ერთი კანდიდატის მხარდასაჭერად, არამედ იმისთვის, რომ ხმა მიეცათ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ხედვების მქონე ლიდერებისთვის.
ერთ-ერთი მარშის სათავეში იდგა 53 წლის რაფალ ტშასკოვსკი— ევროკავშირის მომხრე ვარშავის მერი, რომელიც მხარს უჭერს აბორტის უფლებასა და LGBTQ+ საზოგადოებას. ის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის პოლიტიკური მოკავშირეა. ტუსკი 2023 წლის ბოლოს სათავეში ჩაუდგა ცენტრისტულ კოალიციურ მთავრობას.
რაფალ ტშასკოვსკიმ წარმოადგინა თავისი ხედვა ინკლუზიური პოლონეთის შესახებ და პირობა დადო, რომ იმუშავებს პოლონური ინდუსტრიის განვითარებაზე .
„ დადგა დრო, რომ გაიმარჯვოს გულწრფელობამ, სამართლიანობამ, სიმართლემ. სწორედ ესაა ამ არჩევნების არსი. გადამწყვეტ არჩევნებამდე დარჩა რამდენიმე დღე. გვჭირდება მონდომება. ყოველი ხმა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მომავალმა გაიმარჯვოს. ასევე იმისთვის, რომ მთელმა პოლონეთმა გაიმარჯვოს“ – განაცხადა პარტია „სამოქალაქო კოალიციის“ საპრეზიდენტო კანდიდატი რაფალ ტშასკოვსკი.
ვარშავის სხვა ნაწილში თავისი მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოვიდა 42 წლის კაროლ ნავროცკი — კონსერვატორი ისტორიკოსი და ყოფილი მოკრივე. მას მხარს უჭერს ნაციონალისტურ-კონსერვატიული პარტია „კანონი და სამართლიანობა“, რომელიც ქვეყანას 2015-2023 წლებში მართავდა.
„დიახ, ჩემო ძვირფასებო, ჩვენ გავიმარჯვებთ. ჩვენ ვიბრძვით გამარჯვებისთვის. მოდის ამბიციური, უსაფრთხო, ასევე პასუხისმგებელი პოლონეთი. მოდის დიდი, ამაყი, ძლიერი პოლონეთი — და მოდის ცვლილება. ჩვენ გავიმარჯვებთ“, – განაცხადა პარტია „კანონი და სამართლიანობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა კაროლ ნავროცკიმ.
პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 18 მაისს გაიმართა. საარჩევნო უბნების 100%-ის დათვლის შემდეგ გაირკვა, რომ ვარშავის მერმა, რაფალ ტშასკოვსკიმ ხმების 31,36% მოიპოვა, ხოლო კაროლ ნავროცკიმ, რომელსაც მხარს უჭერს მემარჯვენე-კონსერვატიული პარტია „კანონი და სამართლიანობა“, – 29,54%.