მთავარიევროპარუსეთირუსეთმა უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International „არასასურველად“ გამოაცხადა

რუსეთმა უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International „არასასურველად“ გამოაცხადა

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International „არასასურველად“ გამოაცხადა.

საგამოძიებო უწყება ამტკიცებს, რომ რეალურად ორგანიზაცია „რუსოფობიის გლობალური პროექტების მოსამზადებელი ცენტრია“, რომლის მიზანიც რუსეთის შესახებ „მცდარი შეხედულებების ჩამოყალიბებაა“.

მოსკოვში აცხადებენ, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ უფლებადამცველი ორგანიზაციის აქტივისტებმა დაიწყეს „ყველა შესაძლებელი ნაბიჯის გადადგმა“, რათა გაეძლიერებინათ რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური იზოლაცია. ქვეყნის მთავარი პროკურატურის განმარტებით, Amnesty International-ის წევრები აქტიურად უჭერენ მხარს ექსტრემისტულ ორგანიზაციებს და აფინანსებენ „უცხო ქვეყნის აგენტების“ საქმიანობას.

რუსეთში Amnesty International-ის საქმიანობის აკრძალვას წინ უძღოდა ორგანიზაციის მიერ არაერთი მტკიცებულების მოპოვება. კერძოდ, უკრაინაში კრემლის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე პედაგოგებს რუსეთის მიერ დამტკიცებული, პროპაგანდის შემცველი სასწავლო პროგრამებით სარგებლობას აიძულებდნენ, ხოლო უკრაინულ ენაზე განათლების მიღებას უზღუდავდნენ.

Amnesty International 1961 წელს დაფუძნდა. ორგანიზაცია მსოფლიო მასშტაბით ადამიანის უფლებებისა და წამებისა და სიკვდილის დასჯის საწინააღმდეგო საკითხებს სწავლობს. ასევე ის დგამს ნაბიჯებს ლტოლვილთა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დასაცავად.

გაწეული საქმიანობისთვის ორგანიზაციამ მიიღო ნობელის პრემია, ასევე გაეროს არაერთი ჯილდო ადამიანის უფლებების დაცვისთვის.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:52
spot_imgspot_img
Send this to a friend