პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 18 მაისს ჩატარდა. ამომრჩეველთა აქტივობამ 51%-ს მიაღწია და 14 მილიონზე მეტმა მოქალაქემ 13 კანდიდატიდან სასურველს მისცა ხმა.
დათვლილია ხმათა 94% და შედეგები ჯერჯერობით ცნობილი არაა, თუმცა როგორც ეგზიტპოლებით ირკვევა, პირველ ტურში მმართველი პარტიის კანდიდატი, ვარშავის ლიბერალი მერი რაფალ ტშასკოვსკი ხმათა 30.8%-ით ლიდერობს. მეორე ადგილზე კი მისი კონკურენტი, კონსერვატორი კაროლ ნავროცკი – 29.1%-ით გადის.
წინასაარჩევნო გამოკითხვები მემარჯვენე კანდიდატების უფრო დაბალ მხარდაჭერას აჩვენებდა, თუმცა საბოლოოდ მემარჯვენე კანდიდატებმა საყურადღებო მხარდაჭერა მოაგროვეს.
ეგზიტპოლების თანახმად, ულტრამემარჯვენე კანდიდატი სლავომირ მენცენი ხმათა 15.4% მიიღებს, ხოლო გჟეგოშ ბრაუნი – 7%-ს.
სავარაუდოა, რომ ეს კანდიდატები მხარდაჭერას სწორედ კაროლ ნავროცკის გამოუცხადებენ. ნავროცკის არ აქვს პოლიტიკური გამოცდილება და აგრეთვე, პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთანაა დაპირისპირებული.
ის მიგრანტების მიღების დიდი მოწინააღმდეგეცაა.
„მე არ დავუშვებ, რომ პოლონელი ქალებისა და კაცების უსაფრთხოებას უკანონო მიგრანტები და ეკონომიკური პოლიტიკა, ევროს ვალუტის შემოღებით, დაემუქრონ. მე არ დავთანხმდები ევროკავშირის ახალ ხელშეკრულებებზე ხელმოწერას და პოლონეთის სუვერენიტეტის დაკარგვას სოციალური პოლიტიკის სექტორში“, – ამბობს პრეზიდენტობის კანდიდატი, კაროლ ნავროცკი.

მიუხედავად იდეოლოგიური სხვაობისა, ორივე კანდიდატი უკრაინის დიდი მხარდამჭერია და უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ პოლონეთის მხრიდან სამხედრო-ფინანსური მხარდაჭერის გაწევას ემხრობა.
სავარაუდოა, რომ 50%-იანი ბარიერის გადალახვას პირველ ტურში ვერცერთი კანდიდატი ვერ მოახერხებს, ამიტომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური პირველ ივნისსა დაგეგმილი.