მექსიკაში ცნობილი ინფლუენსერი ქალი, 23 წლის ვალერია მარკესი, სილამაზის სალონში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. მას ამ დროს სოციალურ ქსელში პირდაპირი ჩართვა ჰქონდა.
შემთხვევა ქალაქ საპოპანში მოხდა. არსებული ინფორმაციით, უცნობმა პირმა მას რამდენჯერმე მკერდისა და თავის არეში ესროლა. მძიმედ დაჭრილი ქალი ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის მოტივი ამ დრომდე უცნობია.
„მესმის მამაკაცის ხმა, რომელიც კითხულობს: „ეს ვალერიაა? ის პასუხობს: დიახ“ — და ამის შემდეგ თავს ესხმიან. ჩანაწერების მიხედვით, ეს ყველაფერი სავაჭრო ცენტრში მოხდა. იქ უსაფრთხოების კამერებია დამონტაჟებული. თავდამსხმელს გარეთ კიდევ ერთი პირი ელოდებოდა მოტოციკლით. მათ ერთად დატოვეს ტერიტორია. ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიული და სამძებრო სამუშაოები, ვაგროვებთ ყველა მოწმის ჩვენებას“, – ამბობს საქმის პროკურორი.
23 წლის ვალერიას მკვლელობისთვის საქმე ფემიციდის მუხლით აღიძრა.
„როდესაც ქალი ძალადობის შედეგად იღუპება, საქმეს იძიებენ, როგორც ფემიციდის შემთხვევას. ახლაც გამოძიება სწორედ ფემიციდის მუხლით მიმდინარეობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, განგვემარტა, რომ პროკურატურას არ უხსენებია არც ერთი სავარაუდო დამნაშავის სახელი, არც მსხვერპლსა და თავდამსხმელს შორის კავშირის შესახებ გვითქვამს რამე“, – ამბობს საქმის პროკურორი.
ვალერია მარკესის ტრაგიკული სიკვდილი გამონაკლისი შემთხვევა არ არის. სტატისტიკის მიხედვით, მექსიკაში მაღალი მაჩვენებელია გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულისა და მკვლელობის მხრივ. ოფიციალური მონაცემების თანახმად, ყოველდღიურად საშუალოდ 10-11 ქალს კლავენ მექსიკაში, ხშირ შემთხვევაში დამნაშავე პარტნიორი, ყოფილი მეუღლე ან უბრალოდ ნაცნობია.
2023 წელს მექსიკაში 3 000-ზე მეტი ქალის მკვლელობა დადასტურდა, თუმცა მხოლოდ ნაწილი, დაახლოებით 900 განიხილეს, როგორც ფემიციდის შემთხვევა. დარგის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ გენდერული ნიშნით ქალების მკვლელობა უფრო ხშირია, ვიდრე ამას სტატისტიკა მოწმობს.