მთავარისპორტილეგენდების მატჩი - GEO11 VS Barça Legends

ლეგენდების მატჩი – GEO11 VS Barça Legends

16 მაისს თბილისში, „დინამო არენაზე”, ქართული ფეხბურთის ვეტერანები „ბარსელონას” ლეგენდარულ ფეხბურთელებს დაუპირისპირდებიან.

ეს იქნება „ლეგენდების სერიის” მეორე მატჩი, რომელიც შარშან ბათუმში დაწყებული პროექტის გაგრძელებაა.

15 მაისს გაიმართა მატჩისწინა პრესკონფერენცია, სადაც ჟურნალისტების კითხვებს იარი ლიტმანენმა, ხავიერ სავიოლამ, კახა კალაძემ და შოთი არველაძემ უპასუხეს.

16 მაისს „დინამო არენას” მინდორზე გამოვლენ ისეთი ფეხბურთელები, რომელთა ნახვაც ქომაგს ყველგან და ყველა ფორმატში უდიდეს ბედნიერებას ანიჭებს, მათ შორის მთავარი ვარსკვლავი 2005 წლის ოქროს ბურთის მფლობელი, რონალდინიო იქნება, რომელიც 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონია.

მატჩი თბილისის დროით 19:00-ზე დაიწყება.

„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ძალიან ბედნიერი ვარ ამ თამაშში მონაწილეობით. მე ისევ მიყვარს ფეხბურთის თამაში. კორონა ვირუსის გამო 4 წლის განმავლობაში საერთოდ არ მითამაშია, თუმცა გასული წლიდან აქტიურად დავიწყე ვარჯიში და თამაში და უკვე 5 მატჩიც კი ვითამაშე, მათ შორის შოთასთან ერთადაც. ყოველთვის ძალიან მენატრება ბურთი და მოედანი. ასეთი თამაშები კარგია, რადგან ძველ თანაგუნდელებს ვნახულობთ და იმ კარგ პერიოდს ვიხსენებთ, როცა ახალგაზრდები ვიყავით. საქართველოში პირველად არ ვარ, თუმცა საქართველოს წინააღმდეგ თამაში პირველად მიწევს. „ბარსელონას” მაისურით მოედანზე გამოსვლა ყოველთვის განსაკუთრებულ შეგრძნებებს იწვევს.

„ბარსელონა”, უკვე წლებია, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. მოუთმენლად ველოდებით ხვალინდელ დღეს. ასეთი ხასიათის თამაშების მთავარი მიზანი მოგება და წაგება არ გახლავთ, თუმცა მოედანზე როცა გავდივართ, ყველას გვაწვება ადრენალინი და მაინც მოგება გვინდა”, – ამბობს იარი ლიტმანენი, „ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი.

„მინდა, ჩემს კოლეგებს დავეთანხმო და ვთქვა, რომ ჩემთვისაც უდიდესი პატივია აქ ყოფნა. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაგიხადოთ ასეთი საოცარი დახვედრისა და მასპინძლობისთვის. იმის გარდა, რომ ფეხბურთს ვთამაშობთ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალი ხალხისა და კულტურების გაცნობა. იმედი მაქვს, რომ ხვალ კარგ თამაშს შემოგთავაზებთ და ყველა დიდ სიამოვნებას მივიღებთ. ვიმედოვნებ, რომ საქართველოში არაერთხელ დავბრუნდებით და ეს არ იქნება ჩვენი ბოლო სტუმრობა. შევეცდებით, რომ ქართველ მაყურებლებს საუკეთესო მოგონებები ვაჩუქოთ”, – ამბობს ხავიერ სავიოლა, ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend