მთავარიევროპაპოლონეთიდუდას ვადა იწურება - კრიტიკული არჩევნები პოლონეთში

დუდას ვადა იწურება – კრიტიკული არჩევნები პოლონეთში

ომი მეზობელ უკრაინაში, მიგრაციული ზეწოლა საზღვრებზე, რუსული დივერსიის მცდელობები, ეჭვები ევროპის უსაფრთხოების მიმართ აშშ-ის ერთგულების შესახებ – ასეთია პოლონეთის მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ყველაზე სადავო და გადამწყვეტი საკითხები.

აღმოსავლეთ ევროპის 38-მილიონიანი მოსახლეობის მქონე ქვეყნის მოქალაქეები კვირას, ანდჟეი დუდას მემკვიდრეს აირჩევენ, რომლის მეორე და ბოლო ხუთწლიანი ვადა აგვისტოში იწურება.

იმის გათვალისწინებით, რომ საპრეზიდენტო რბოლაში 13 კანდიდატი მონაწილეობს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პირველ ტურში რომელიმე ფიგურამ გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვოს.

შესაბამისად, დიდი ალბათობით პირველ ივნისს არჩევნების მეორე ტური გაიმართება, სადაც წინასაარჩევნო გამოკითხვების შედეგების გათვალისწინებით, ერთმანეთს სავარაუდოდ ვარშავას მოქმედი მერი რაფალ ტშასკოვსკი და ნაციონალისტური პარტიის „კანონი და სამართლიანობის“ მიერ მხარდაჭერილი კაროლ ნავროცკი დაუპირისპირდებიან.

უკრაინაში მიმდინარე ომის გათვალისწინებით, მოახლოებულ არჩევნებში პოლონეთის გეოგრაფიულ მდებარეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

არსებობს საფრთხე, რომ თუ რუსეთი უკრაინაში გამარჯვებას მოიპოვებს, შესაძლოა, რეგიონის სხვა, კერძოდ ყოფილი საბჭოთა ქვეყნები – მის მორიგ სამიზნეებად იქცნენ.

პოლონეთი რუსეთის კალინინგრადის რეგიონს, ბელარუსს, უკრაინასა და რამდენიმე დასავლელ პარტნიორ სახელმწიფოს შორისაა მოქცეული.

როგორც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის უდიდესი ქვეყანა, იგი დასავლეთის უსაფრთხოებაში კრიტიკულ როლს ასრულებს.

მაშინ, როდესაც ტრანსატლანტიკური ერთობა გამოცდის წინაშე დგას და ევროპის თავდაცვის ვალდებულებები მზარდი ზეწოლის ქვეშაა – პოლონეთის არჩევნების შედეგებმა შესაძლოა, ვარშავის საგარეო პოლიტიკური კურსი განსაზღვროს.

ბევრი რამ დევს სასწორზე ევროკავშირისთვისაც. 2015-2023 წლებში, „კანონი და სამართლიანობის“ პარტიის მმართველობის პერიოდში, პოლონეთი ევროკავშირის ინსტიტუტებთან არაერთხელ მოვიდა წინააღმდეგობაში.

კერძოდ, სასამართლო დამოუკიდებლობის, მედიის თავისუფლებისა და მიგრაციის პოლიტიკის საკითხების გარშემო, რამაც ბლოკში არსებული შიდა დაპირისპირება კიდევ უფრო გაამწვავა.

„ამ არჩევნებზე მართლაც ბევრი რამ დევს სასწორზე – განსაკუთრებით მმართველი კოალიციისთვის და მათთვის, ვინც პოლონეთის დემოკრატიულ მომავალზე ღელავს. ეს ეხება დემოკრატიულ რეფორმას და პოლონეთში, ახალ პრეზიდენტთან თანამშრომლობით კანონის უზენაესობის აღდგენას. რაც შეეხება პარტიას „კანონი და სამართლიანობა“, რომელიც ამჟამინდელი მმართველი კოალიციის მთავარი კონკურენტია – კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მათი, როგორც მთავარი პოლიტიკური მოთამაშის მომავალი.

პოლონეთი ამჟამად გადამწყვეტ როლს თამაშობს ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოების და საერთაშორისო პარტნიორების მობილიზებაშიც, რათა შეინარჩუნონ უკრაინისადმი მხარდაჭერა რუსული აგრესიის წინააღმდეგ. თუ არჩევნები მმართველი კოალიციისთვის ცუდად დასრულდება, ეს გავლენას მოახდენს მთლიანად ევროპულ პოლიტიკაზე რუსეთის მიმართ“, – ამბობს პოლონეთის საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პრეზიდენტი იაცეკ კუჩარჩიკი.

ორივე მთავარი კანდიდატი, ტშასკოვსკიც და ნავროცკიც – პირობას დებენ, რომ მხარს დაუჭერენ უკრაინას და გააგრძელებენ მასთან თავდაცვის კუთხით მჭიდრო თანამშრომლობას. თუმცა, მათი ხედვები მკვეთრად განსხვავებულია პოლონეთისთვის ევროკავშირის როლსა და შიდა სოციალური პოლიტიკის საკითხებში.

ახლადარჩეული პრეზიდენტი თანამდებობაზე მუშაობას 6 აგვისტოს, სეიმისა და სენატის ერთობლივი სესიის დაწყებამდე შეუდგება.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:52
spot_imgspot_img
Send this to a friend