პალესტინის მხარდამჭერები 14 მაისს შეიკრიბნენ შვეიცარიის ქალაქ ბაზელში, სადაც მიმდინარე კვირაში ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ტარდება. საკონცერტო დღეების პარალელურად, ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე გაიმართა „მდუმარე“ მსვლელობა. აქციის მონაწილეები პალესტინის დროშებითა და ბანერებით ისრაელის ევროვიზიის კონკურსში მონაწილეობას აპროტესტებდნენ.
წელს ევროვიზიაზე ისრაელის წარმომადგენელი, მომღერალი იუვალ რაფაელია, რომელიც ნახევარფინალში იმღერებს. იუვალ რაფაელი 2023 წლის 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელში ,,ჰამასის“ მებრძოლების იმ თავდასხმას გადაურჩა, რომელმაც 1 200 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და ღაზაში მორიგი სამხედრო მოქმედებების მიზეზი გახდა.

„ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ბაზელში ტარდება, რაც, მართლაც, საოცარი მოვლენაა. ყოველთვის მიყვარდა ეს ღონისძიება, თუმცა ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ გავლენიან პლატფორმაში მონაწილეობის უფლება აქვს ისრაელს. მაგალითად, რუსეთს არ მისცეს მონაწილეობის უფლება ჩადენილი სამხედრო დანაშაულის გამო. ისრაელი კი მაინც მონაწილეობს ევროვიზიის კონკურსში“, – თქვა აქციის მონაწილე ტოვა ბიორნსენმა.
ისრაელი ევროვიზიის კონკურსში 50 წელზე მეტია მონაწილეობს და ოთხჯერ მოიპოვა გამარჯვება. ევროპის მაუწყებელთა კავშირი, რომელიც ევროვიზიის კონკურსს უწევს ორგანიზებას, აღნიშნავს, რომ ისრაელს კონკურსში წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებელი და არა უშუალოდ ისრაელის მთავრობა.
„ეს პროტესტი ეხება ისრაელის ევროვიზიის კონკურსში მონაწილეობას, მაგრამ კიდევ უფრო მეტად ზოგად თვალთმაქცობას. ეს დაუჯერებელია. დარწმუნებული ვარ, ყველამ იგრძნო და დაინახა აბსოლუტური უპატივცემულობა საერთაშორისო სამართლისა და ჟენევის კონვენციების მიმართ“, – ამბობს აქციის მონაწილე ანდრეას კრემერი.
ევროვიზიის კონკურსის მეორე ნახევარფინალი ბაზელში 16 მაისს გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს 16 ქვეყანა, რომლებიც ფინალში გასასვლელად იბრძოლებენ.
სცენაზე წარმოადგენენ სხვადასხვა სტილისა და ჟანრის მუსიკალურ ნომრებს, მათ შორის ისრაელის წარმომადგენლის, იუვალ რაფაელის შესრულებასაც. მეორე ნახევარფინალს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, როგორც მუსიკალური მრავალფეროვნების, ისე პოლიტიკური დაძაბულობის კონტექსტში, რაც კონკურსს წელს განსაკუთრებით აქტუალურს ხდის.