მთავარიევროპაალბანეთიალბანეთის პრემიერი პირობას დებს, რომ ქვეყანა 2030 წელს ევროკავშირის წევრი გახდება

ალბანეთის პრემიერი პირობას დებს, რომ ქვეყანა 2030 წელს ევროკავშირის წევრი გახდება

ალბანეთის პრემიერ-მინისტრი მადლობას უხდის ამომრჩევლებს „სოციალისტური პარტიის” მხარდაჭერისთვის. საარჩევნო კამპანიის დროს ედი რამა მოსახლეობას დაჰპირდა, რომ ქვეყანა ხუთ წელიწადში ევროკავშირის წევრი გახდება.

ალბანეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, სოციალისტებმა 11 მაისს გამართულ არჩევნებში 140-წევრიან პარლამენტში 83 მანდატი მოიპოვეს. ედი რამას „სოციალისტურ პარტიაში” ლიდერის მსგავსად აცხადებენ, რომ ალბანეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანა 5 წელიწადში გახდება.

ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ედი რამა არჩევნებში „სოციალისტური პარტიის” გამარჯვების შემდეგ ამომრჩევლებს მიმართავს, ტირანა, ალბანეთი, 14 მაისი, 2025 წელი Copyright AP Photo/Vlasov Sulaj

„ცხადია, ალბანელების უმეტესობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ ფიქრობს, რომ ალბანეთი სწორ გზას ადგას. ევროკავშირის წევრობას 2030 წლისთვის მხოლოდ ჩვენი ერთიანი ძალისხმევით მივაღწევთ — ჩემი და სოციალისტური პარტიის ხელმძღვანელობით. ისტორიული შანსია, რომ 2030 წელს ალბანეთი გახდეს გაერთიანებული ევროპული ოჯახის წევრი“, – განაცხადა ალბანეთის პრემიერმა ედი რამამ.

ამ დაპირებას სკეპტიკურად აფასებენ დემოკრატები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ალბანეთი ევროკავშირის წევრობისთვის ჯერ მზად არ არის. ისინი ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებს აკრიტიკებენ და მიიჩნევენ, რომ პროცესი უმძიმესი დარღვევების ფონზე წარიმართა.

„ეს არჩევნები კრიმინალური, ანტიდემოკრატიული მეთოდებით გააყალბეს. თითოეულ ალბანელსა და ევროპისა თუ მსოფლიოს ყველა დედაქალაქს დავუმტკიცებთ, რამდენად უღირსი და ფარსი  იყო ეს არჩევნები“, – განაცხადა კონსერვატიული ოპოზიციური დემოკრატიული პარტიის ლიდერმა სალი ბერიშამ.

ცენტრისტულ-მემარჯვენე „დემოკრატიული პარტიის“ ლიდერმა, ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სალი ბერიშამ, პარლამენტში მხოლოდ 50 მანდატის მოიპოვება შეძლო. დანარჩენი მანდატები კი – ოთხ მცირე პოლიტიკურ პარტიას ხვდა წილად.

წინასწარი მონაცემებით, ალბანეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 42.16% იყო, რაც 4%-ით ნაკლებია წინა არჩევნებთან შედარებით.

ალბანეთში მოქალაქეებმა 140 დეპუტატი აირჩიეს, 4-წლიანი ვადით. მასშტაბური ემიგრაციის გამო ბალკანეთის ამ ქვეყანას 2.4 მილიონი მოსახლე ჰყავს, თუმცა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა თითქმის 3.7 მილიონია.

ევროკავშირმა ალბანეთის არჩევნების ლეგიტიმაცია აღიარა. ევრობლოკის შეფასებით, მიუხედავად გარკვეული ხარვეზებისა, კენჭისყრა კარგად ორგანიზებული იყო და მშვიდობიანად ჩატარდა. ევროკავშირი მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, უზრუნველყონ ქვეყნის ინსტიტუტების გამართული მუშაობა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend