სპილო სახელად ფაფი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში გამომწყვდეული იყო, არგენტინის დედაქალაქიდან ბრაზილიაში, ბუნების წიაღში, გადაჰყავთ. ფაფის ახალი სახლი იქნება ბრაზილიის სპილოების ნაკრძალი, რომელიც 1000 ჰექტარზე დიდია. აქ მას სხვა სპილოებთან ურთიერთობის შესაძლებლობაც ექნება.
სპილო ბუენოს-აირესის ეკოპარკიდან, სადაც 30 წელზე მეტი გაატარა, ორშაბათს, 14 აპრილს, სპეციალური, უზარმაზარი რკინის კონტეინერით გადაიყვანეს. სანამ დანიშნულების ადგილამდე ჩავა, ფაფიმ 2700 კილომეტრი უნდა გაიაროს კონტეინერით, რომელსაც ფანჯრები და შესაბამისი ვენტილაცია აქვს, მუდმივი მეთვალყურეობისთვის კი შიგნით კამერებია დამაგრებული. ფაფის თან ახლავს სპეციალისტთა ჯგუფი.
„სპეციალური კოლონა ახლა მიდის და ბრაზილიის საზღვარს, სავარაუდოდ, დღეს გადაკვეთენ. საავტომობილო გზა სპეციალურად შეირჩა, რომ საჭიროების შემთხვევაში ფაფის გზაშივე გაუწიონ დახმარება. ამ მომენტისთვის ყველაფერი კარგად მიდის”, – ამბობს ალეხანდრა გარსია, რომელიც ცხოველთა დამცველ ფონდ Fundación Franz Weber-ის წარმომადგენელია.
მგზავრობის დროს სპილოს რაციონი არ შეცვლილა. ის ძირითადად მოიცავს დაბალანსებულ კვებას, ბოსტნეულს, ხილსა და მწვანე ბალახს. ასევე ფაფი ვიტამინის დანამატებს იღებს. ნაკრძალში ჩასვლის შემდეგ ფაფის სპეციალური პროცედურების გავლა მოუწევს.
„ნაკრძალში ჩასვლის შემდეგ პირველი, რაც მან ხელახლა უნდა ისწავლოს, არის დამოუკიდებლობა. მან თავად უნდა შეძლოს გადაწყვეტილების მიღება, რაც სპილოებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მათ ხომ საკმაოდ განვითარებული ტვინი აქვთ. შესაბამისად, მას ისეთი რამის გაკეთებას არ დავაძალებთ, რაც არ ენდომება. მორჩილება თანამშრომლობითა და პატივისცემით უნდა ჩავანაცვლოთ”, – ამბობს ალეხანდრა გარსია.
ბრაზილიის სპილოების ნაკრძალისთვის სპილოების გადმოყვანის პირველი შემთხვევა არ არის. სამხრეთ ამერიკაში ის პირველი ნაკრძალია, სადაც გალიაში მცხოვრებმა სპილოებმა წარმატებით შეძლეს ახალ გარემოსა და სხვა სპილოებთან ადაპტაცია.