პაროსსა და მიკონოსში ჯერ კიდევ იშუშებენ იარებს, რომლებიც მათ მიმდინარე კვირას უამინდობამ მიაყენა. ტურისტული ცენტრიდან – ნაუსიდან გავრცელებული კადრები განსხვავდებოდა იმ ფოტოებისგან, რომლებსაც დამსვენებლები სამახსოვროდ იღებენ. ეს უფრო პირველი აპრილის ცუდ ხუმრობას ჰგავდა. ყველგან ტალახი, ნარჩენები, მოტივტივე ავტომობილები იყო.
ბერძნები ღელავენ ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, რომელიც ოფიციალურად 20 დღეზე ნაკლებ დროში იხსნება. თუმცა ქალაქის მერი კონსტანტინოს ბიზასი ოპტიმისტურად არის განწყობილი. მისი თქმით, ისინი ვალდებული არიან, მოასწრონ ყველაფერი, ამისათვის კი ბევრი უნდა იმუშაონ. ნაუსაში პრობლემებია მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ცენტრალურ ნავსადგურში. მაღაზიების წინ ტალახი და წყალია, ზოგიერთ მაღაზიაში შევიდა კიდეც წყალი. თუმცა ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს.
მსგავსი ვითარებაა მიკონოსშიც, სადაც გადაუღებელი წვიმისა და სეტყვის შედეგად მიმდინარე კვირას 70 მილიმეტრი ნალექი მოვიდა. დაიტბორა კუნძულის დედაქალაქის ქუჩები, საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები. ქალაქის მერმა ქრისტოს ვერონიმ, პაროსელი კოლეგის მსგავსად მიკონოსშიც გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა.

ათენის ეროვნული ობსერვატორიის კვლევითი განყოფილების დირექტორმა კონსტანტინოს ლაგუვარდოსმა ევრონიუსთან ისაუბრა ბუნებრივ ფენომენზე, რომელიც პაროსის ჩრდილოეთ ნაწილს უფრო შეეხო, ვიდრე სამხრეთს. მისი თქმით, სეზონის გამო გარკვეულ ადგილებში შეექმნებათ პრობლემები, რაც ნიშნავს, რომ რაღაც მომენტში იქნება არასტაბილური ვითარება, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ტერიტორიის თავისებურებით, ზღვასთან სიახლოვით, ქართა ნაკადების შერევით. ეს კი თავისთავად წარმოქმნის შტორმის ღრუბლებს. ასეთ დროს უხვი ნალექი მოდის ხოლმე. კონსტანტინოს ლაგუვარდოსი დასძენს, რომ ოთხშაბათსა და ხუთშაბათს შეიძლება იყოს მსგავსი შემთხვევები და ქვეყნის უმეტეს ნაწილში მოვიდეს წვიმა, რომელიც გამოიწვევს ადგილობრივ პრობლემებს.
მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, უამინდობა იქნება კრეტაზე, დოდეკანესის კუნძულებსა და აღმოსავლეთ ეგეოსის ტერიტორიებზეც. ამინდის გაუმჯობესებას 2 აპრილიდან ელიან.