მთავარიაზიასაუდის არაბეთიშეხვედრის ადგილი უცვლელია - ერ-რიადში მოლაპარაკებები გრძელდება

შეხვედრის ადგილი უცვლელია – ერ-რიადში მოლაპარაკებები გრძელდება

ისევ ერ-რიადში, ისევ მოლაპარაკებებზე – ამერიკული და რუსული დელეგაციები დილიდან საუბრობენ. თემა ბევრია, თუმცა დღეს მხარეები ერთ კონკრეტულზე ამახვილებენ ყურადღებას. აქცენტი კეთდება ე.წ. მარცვლეულის შეთანხმების აღდგენაზე, რომელიც ამოწურვამდე, შავი ზღვის აკვატორიაში სურსათით დატვირთული გემების მიმოსვლისთვის უსაფრთხო დერეფანს უზრუნველყოფდა. ეს კი შავ ზღვაში დარტყმაზე მორატორიუმის ტოლფასია, რაც ამერიკული მხარის ერთ-ერთი გაცხადებული მიზანია.

„სამშვიდობო დარეგულირების საკითხზე აშკარად არსებობს საერთო გაგება. რაც შეეხება ტექნიკურ საკითხებს, ამ მიმართულებით ჩვენი დელეგაციები ერ-რიადში საუბრობენ. ძალიან ბევრი განსხვავებული ასპექტია გასავლელი დარეგულირების საკითხის ირგვლივ. დღის წესრიგში არის შავი ზღვის ინიციატივის საკითხი და მის აღდგენასთან დაკავშირებული საკითხები. ეს იყო პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივა, რომელსაც პრეზიდენტი პუტინი დაეთანხმა და აი, სწორედ ასეთი მანდატით გაემგზავრა ჩვენი დელეგაცია ერ-რიადში. ეს პირველ რიგში ნაოსნობის უსაფრთხოებას ეხება, თუმცა თუ გახსოვთ მისი პირველადი სახე, მასში იყო საკმაოდ დიდი ნაწილი ვალდებულებების, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მიმართ წარსულში არ შესრულებულა, ამიტომ დღეს ეს განიხილება”, – აღნიშნა კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

ამ ინტერვიუში კრემლი ამტკიცებს, რომ პრეზიდენტი პუტინის განკარგულება ძალაში რჩება და უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მხრიდან დარტყმები არ მიმდინარეობს. კიევი მოსკოვს საწინააღმდეგოში ადანაშაულებს. პარალელურად რუსეთი გაორმაგებული ძალებით უტევს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. დღეს, 24 მარტს, სუმის, გუშინ კი ზაპოროჟიეს ოლქებს რუსებმა შეუტიეს. არის მსხვერპლი, მათ შორის მცირეწლოვნები.

„ახლა, ყოველ ღამეს მოაქვს რუსეთს მასობრივი დარტყმა დრონებით, დაახლოებით 100 შაჰედი ყოველ ჯერზე. გასულ ღამეს, სამწუხაროდ, 3 ადამიანი დავკარგეთ, მათ შორის მამა თავის 5 წლის ქალიშვილთან ერთად. მანამდე კი, ზაპოროჟიეში რუსეთის შეტევამ მთელი ოჯახის სიცოცხლე შეიწირა. რუსეთზე უფრო მეტი ზეწოლა უნდა განხორციელდეს, რათა შეაჩეროს ეს ტერორი. ეს დამოკიდებულია ჩვენს პარტნიორებზე – აშშ-ზე, ევროპასა და სხვებზე მსოფლიოს გარშემო.

ერ-რიადში შეხვედრების შემდეგ მსოფლიოსთვის აბსოლუტურად ნათელი გახდა, რომ რუსეთი ერთადერთია, რომელიც ამ ომს აგრძელებს, რომელმაც ომი მოიტანა და ერთადერთი, ვისაც სურს მისი გაგრძელება. 11 მარტის შემდეგ ცეცხლის უპირობო შეწყვეტის შეთავაზება მაგიდაზეა და მისი შეჩერება შესაძლებელი იყო. თუმცა ყოველდღიურად ცინიკურ თავდასხმას ვიღებთ. ზეწოლის გარეშე მოსკოვი გააგრძელებს რეალური დიპლომატიის მიმართ უპატივცემულობასა და სიცოცხლის განადგურებას.

ჩვენი გუნდი მუშაობს კონსტრუქციულად, დისკუსიები კი საკმაოდ სარგებლიანია. დელეგაციების მუშაობა გრძელდება. არ აქვს მნიშვნელობა, რას განვიხილავთ, პუტინს უნდა უბიძგონ, გასცეს რეალური ბრძანება, შეაჩეროს დარტყმები, რადგან ომი უნდა წაიღოს მან, ვინც ის მოიტანა”, – თქვა ყოველდღიურ მიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკი.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ the Times-სთან ინტერვიუში ისაუბრა, რომ რუსებმა ამერიკულ დელეგაციაზე გავლენის მოხდენა მოახერხა. იმდენად, რომ CIA-ს მონაცემებზე მეტად თეთრ სახლში მოსკოვის სიტყვებს ენდობიან. პრეზიდენტს არგუმენტად მოჰყავს ვაშინგტონის ის გზავნილები, რომლებიც კრემლის ნარატივს იმეორებს, იქნება ეს კურსკში არსებულ ვითარებაზე თუ სხვა. აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფიც არ მალავს, რომ პუტინის სჯერა.

„მე ვგრძნობ, რომ პუტინს მშვიდობა უნდა. პრეზიდენტს ჰქონდა ორი ძალიან პროდუქტიული ზარი გასულ კვირებში, ერთი პრეზიდენტ ზელენსკისთან, მეორე კი პრეზიდენტ პუტინთან. მე მათ ვესწრებოდი. ორივეს ვუსმინე  და ორივეგან საუბარი შეეხებოდა ხანგრძლივ მშვიდობას.  გასულ კვირას ამ მხრივ ძალიან დიდი პროგრესი იყო. მე ასევე ვერ ვხედავ, რომ მას მთელი ევროპის აღება სურდეს. ახლა განსხვავებული ვითარებაა, ვიდრე მეორე მსოფლიო ომის დროს, მაშინ ნატო არ არსებობდა. ვფიქრობ, ევროპელები მიდიან ამ შეგნებამდე. ტრამპის დღის წესრიგია სიკვდილის დასრულება და ორივე მხარესთან კომუნიკაციის გარეშე ეს ვერ მოხერხდება. იმის გარეშე რომ არ გაიგო, თუ რომელი რას ფიქრობს და სცადო ერთად დასვა”, – აღნიშნა FOX NEWS-თან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ ვიტკოფმა.

ერ-რიადში რჩება უკრაინული დელეგაციაც, რომელმაც 23 მარტს ამერიკელებთან შეხვედრა უკვე გამართა. მთავარი თემა ენერგეტიკულ და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმა იყო. უკრაინული მხარე შეხვედრით კმაყოფილია, თუმცა მიანიშნებს, რომ ის ტექნიკური ხასიათისაა და რეგულარული მოლაპარაკებების ყოველი რაუნდის შემდეგ ვრცელი განცხადებები არ იქნება.

„ჩვენ დავასრულეთ შეხვედრა ამერიკულ გუნდთან. ეს დისკუსია იყო ნაყოფიერი და ფოკუსირებული. შევეხეთ საკვანძო საკითხებს, მათ შორის ენერგეტიკას. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის მიზანია, დაიცვას ხანგრძლივი და მყარი მშვიდობა ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხისთვის, უფრო ფართოდ კი ევროპისთვის. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ეს მიზანი რეალობად იქცეს”, – წერს X-ზე უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსულ დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ ამერიკელები უკრაინელებს ისევ შეხვდებიან. კიევს ადგილზე ენერგეტიკის, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე პრეზიდენტის ოფისის წევრები წარმოადგენენ. ამერიკულ დელეგაციაში კი სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი მაიკლ უოლცი არიან. ვრცელი დელეგაცია ჰყავს რუსეთს, მას საერთაშორისო საკითხებში ფედერაციული საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინი და უშიშროების სამსახურის  დირექტორის მრჩეველი სერგეი ბესედა წარმოადგენენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend