საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა გიორგი ქოჩორაშვილის გოლითა და გიორგი მიქაუტაძის დუბლით სომხეთის ნაკრები 3:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით საქართველომ უდიდესი ნაბიჯი გადადგა ერთა ლიგის B დივიზიონში დარჩენისკენ.
მატჩი სომხეთის დედაქალაქ ერევანში, ვაზგენ სარქისიანის სახელობის რესპუბლიკურ სტადიონზე, გაიმართა. განმეორებით კი გუნდები ერთმანეთს 23 მარტს „დინამო არენაზე” დაუპირისპირდებიან.

„როგორც წინა პრესკონფერენციაზე ვთქვი, შემოდგომასთან შედარებით გაცილებით კარგ კონდიციაში ვართ. მაშინ განსაკუთრებით მატჩის სტარტზე გვიჭირდა. როცა მომენტი გაქვს, მნიშვნელოვანია, რომ გამოიყენო ის. სწორედ ეს შევძელით პირველ ტაიმში. ამან შეგვმატა თავდაჯერება, მეტოქე კი გატყდა და ძალიან დაგვეხმარა. ეს იყო გარდამტეხი მომენტი. ახალი არავისთვის არის, რომ კონტრშეტევაზე ძლიერები ვართ. მეორე ტაიმში რაღაცები შევცვალეთ.
განმეორებით მატჩში ცვლილებები იქნება, რადგან დაგვიბრუნდებიან ხვიჩა და კაშია. შეიძლება სხვა მოთამაშეებიც, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ და ახლაც შევეცდებით, რომ ჩვენი საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ. ასე იქნება თბილისშიც”, – განაცხადა ვილი სანიოლმა, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა.
„ნორმალურია, რომ ყველა მომენტში ვიბრძოდი, მით უფრო, საქართველოს ნაკრების მაისურით და ეს სულ ასე იქნება თავისთავად. ბედნიერი ვარ, იდეაში დღეს იყო ჩემი დებიუტი. ბედნიერი ვარ, გამარჯვებითა და კარის მშრალად შენახვით. გმადლობ ბიჭებსა და გულშემატკივარს. გადავერთვებით მომდევნო თამაშზე, ჯერ არაფერი დასრულებულა, ეს ფეხბურთია, საქმე ბოლომდეა მისაყვანი”, – თქვა საბა გოგლიჩიძემ, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა.

„კარგად ვითამაშეთ და გახარებული ვარ დღევანდელი გამარჯვებით. დიდი მადლობა ქართველ გულშემატკივარს, ვინც ამხელა გზაზე ჩამოვიდა და დაგვაფასა, შესანიშნავი ატმოსფერო იყო, მაგრამ თბილისში კიდევ უკეთესს ველოდებით. კარგი პასი გამოვიდა, არ ვიცი, როგორი გრძნობაა, აქამდე ასისტი არასდროს გამიკეთებია, ბედნიერი ვარ. ჯერ კიდევ დიდი დროა, ბევრი თამაშია დარჩენილი, ჯერ მხოლოდ 24 წლის ვარ და შეიძლება მივიდე იქამდე, რომ ნაკრების ისტორიაში ყველაზე მეტჯერ მქონდეს მშრალი კარი. როგორც ვიცი, რაღაც რეგულაციებია და ბოლომდე სავსე არ იქნება, მაგრამ ბევრი ხალხი იქნება და მაგარი ატმოსფერო იქნება. ბედნიერი ვარ, როცა ნაკრებში ვთამაშობ და მითუმეტეს, ჩვენი გულშემატკივრების წინაშე”, – თქვა გიორგი მამარდაშვილმა, საქართველოს ნაკრების მეკარემ.