მთავარიამერიკაკოლუმბიაკოლუმბია გაეროს კოკაინის ხის ფოთლის მავნე ნივთიერებათა სიიდან ამოღებას სთხოვს

კოლუმბია გაეროს კოკაინის ხის ფოთლის მავნე ნივთიერებათა სიიდან ამოღებას სთხოვს

კოლუმბიის მთავრობამ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნარკოტიკული საშუალებების კომისიას კოკაინის ხის ფოთლის ყველაზე მავნე ნივთიერებების სიიდან ამოღების მოთხოვნით მიმართა.

ეს წინადადება ნაწილია კოლუმბიის პრეზიდენტის, გუსტავო პეტროს ნარკოპოლიტიკის, რომელიც მიზნად ისახავს კოკაინის ხესთან დაკავშირებული რეგულაციების გადახედვას.

„დღეს ვენაში გაეროს შესაბამის კომისიას შევთავაზეთ კოკაინის ხის ფოთლის მავნე ნივთიერებების სიიდან ამოღება. ეს განპირობებულია იმით, რომ მეცნიერებამ შეისწავლა ამ ფოთლის სამრეწველო გამოყენება, მისი გამოყენება სასუქებში, სასმელებსა და სხვა ასპექტში. კოკაინის ხის ფოთოლი არაა კოკაინი. ჩვენ კოკაინის ლეგალიზაციას არ ვითხოვთ“, – ამბობს კოლუმბიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლაურა სარაბია.

კოლუმბია უკვე მრავალი წელია, რაც ქვეყანაში კოკაინის ხის უკანონო პლანტაციების კანონიერით ჩანაცვლებას უწყობს ხელს. მთავრობა ცდილობს ფერმერები სხვა მცენარეების კულტივირებით დააინტერესოს.

კოლუმბიის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თუ მავნე ნივთიერებათა სიიდან ფოთოლს ამოიღებენ, ეს ქვეყანაში ნარკომოვაჭრეების ძალაუფლებასა და შესაბამისად კოკაინის უკანონოდ წარმოებას მნიშვნელოვნად შეამცირებს. მისი თქმით, კოკაინის ხის ფოთოლი ბუნებრივ მდგომარეობაში საფრთხეს არ წარმოადგენს.

„ჩვენ არ ვაუქმებთ სისხლის სამართლის კოდექსს და არ ვარღვევთ ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობას, არამედ ვეძებთ ახალ ალტერნატივებს ჩვენი ფერმერებისთვისა და საზოგადოებისთვის, რომლებიც ომითა და ნარკომანიით გამოწვეული უბედურებების წინაშე დგანან“, – ამბობს კოლუმბიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლაურა სარაბია.

2023 წელს კოლუმბიაში კოკაინის ხეების პლანტაციების ფართობმა 253 ათას ჰექტარს მიაღწია, რაც 10%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით. 53%-ით გაიზარდა კოკაინის პოტენციური წარმოების მაჩვენებელიც.

კოლუმბიის მთავრობა პლანტაციების 25 ათასი ჰექტრით შემცირებას გეგმავს და ფერმერებს სანაცვლოდ ყავის ან კაკაოს კულტივირებას სთავაზობს. ისინი, ვინც წინადადებას დათანხმდებიან, მთავრობისგან ყოველთვიურ ფინანსურ სარგებელს მიიღებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend