კატეგორიები

კოლუმბიაში სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა

კოლუმბიაში სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა
MiPutumayo via AP
კოლუმბიის შეიარაღებული ძალების მეთაურის განცხადებით, სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 128 ადამიანი იმყოფებოდა, პუერტო-ლეგისამოში, აფრენიდან მალევე ჩამოვარდა, რის შედეგადაც 66 ადამიანი დაიღუპა, ათეულობით კი დაშავდა.

კოლუმბიის არმიის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ დაშავებული ჯარისკაცები სამკურნალოდ ბოგოტაში, სამხედრო სამედიცინო ბატალიონში, გადაიყვანეს.

გენერალმა ჰუგო ალეხანდრო ლოპეს ბარეტომ განაცხადა, რომ ოთხი სამხედრო მოსამსახურე კვლავ დაკარგულად მიიჩნევა.

„თვითმფრინავის ბორტზე 128 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის კოლუმბიის საჰაერო ძალების ეკიპაჟის 11 წევრი, არმიის 115 ჯარისკაცი და პოლიციის ორი წევრი. ჩვენი პერსონალიდან 57 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. რვა  ქალაქ ფლორენციაში გადაიყვანეს, 49 - ბოგოტაში, მათ შორის 19 - ცენტრალურ სამხედრო ჰოსპიტალში.  30 ადამიანი კი, რომელთაც სერიოზული დაზიანება არ აღენიშნებოდათ,  სამხედრო სამედიცინო ბატალიონში მოათავსეს. სამწუხაროდ, ამ ტრაგიკული შემთხვევის შედეგად ჩვენი სამხედრო პერსონალის 66 წევრი დაიღუპა. ამჟამად მიმდინარეობს მათი იდენტიფიკაციის პროცესი.“ - განაცხადა კოლუმბიის სამხედრო ძალების მეთაურმა, გენერალმა ჰუგო ლოპეს ბარეტომ.

პუერტო-ლეგისამო მდებარეობს  პუტუმაიოში, ამაზონის პროვინციაში, რომელიც ეკვადორსა და პერუს ესაზღვრება.

კოლუმბიის თავდაცვის მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ გამოძიება ჩატარდება ძალიან სწრაფად, გულმოდგინედ და  გამჭვირვალედ.

„რაც შეიძლება სწრაფად ჩატარდება დეტალური და  გამჭვირვალე გამოძიება. ქვეყანა გაიგებს სიმართლეს. ამიტომ ეს პროცესი უნდა წარიმართოს პატივისცემით, ღირსებითა და წინდახედულებით, რადგან ამას ეს ვითარება მოითხოვს“. - განაცხადა კოლუმბიის თავდაცვის მინისტრმა, პერო სანჩესმა.

კოლუმბიის საჰაერო ძალების მეთაურმა, კარლოს ფერნანდო სილვამ, განაცხადა, რომ ჩამოვარდნის მიზეზებთან დაკავშირებით დეტალები ჯერჯერობით  არ არის ცნობილი, გარდა იმისა, რომ თვითმფრინავს პრობლემა გაუჩნდა და აეროპორტიდან დაახლოებით ორი კილომეტრის დაშორებით ჩამოვარდა.

„მინდა, საზოგადოებას ვაცნობო, რომ, სამწუხაროდ, პუტუმაიოს შტატის ქალაქ პუერტო-ლეგისამოში 9:50 საათზე ავიაკატასტროფა მოხდა. ეს იყო კოლუმბიის საჰაერო ძალების Hercules C-130 ტიპის თვითმფრინავი, რეგისტრაციის ნომრით 1016. ის პუერტო-ლეგისამოდან პუერტო-ასისამდე  მოძრაობდა და ჩვენი ეროვნული არმიის ჯარისკაცები გადაჰყავდა. ავიაკატასტროფის მიზეზების დასადგენად ადგილზე უკვე გავგზავნეთ საგამოძიებო ჯგუფი. დამატებით დეტალები ჯერჯერობით არ არის ცნობილი, მაგრამ ვიცთ, რომ თვითმფრინავს პრობლემა აფრენისთანავე შეექმნა, რის გამოც ის აეროპორტიდან რამდენიმე კილომეტრში ჩამოვარდა“. - განაცხადა კოლუმბიის საჰაერო ძალების მეთაურმა, კარლოს ფერნანდო სილვა რუედამ.

ბოლო ინფორმაციით, ბორტზე 128 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 115 სამხედრო მოსამსახურე, ეკიპაჟის 11 და პოლიციის 2 წევრი.

დაკავშირებული ამბები
კოლუმბიაში სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა ძლიერმა წვიმებმა კოლუმბიის ჩრდილოეთში მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია