ფილიპინების ყოფილი პრეზიდენტი, როდრიგო დუტერტე კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით დააკავეს.
ქვეყნის ყოფილი ლიდერი სამართალდამცველებმა მანილას აეროპორტში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერის საფუძველზე აიყვანეს.
ჰააგა როდრიგო დუტერტეს მისი ექვსწლიანი მმართველობისას ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა მიერ „ნარკოკარტელთან ბრძოლის“ კამპანიის ფარგლებში ათასობით პირის მკვლელობას, ასევე ოპონენტთა და დამოუკიდებელი მედიის დევნას ედავება.
სწორედ თავისუფალი და მიუკერძოებელი საინფორმაციო სააგენტოს, „რაპლერის“ დამფუძნებლის, მარია რესას პოლიტიკური ნიშნით დაკავების გამო, მან მისსავე დაწერილ წიგნში „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“ როდრიგო დუტერტეს დიქტატორი უწოდა.
ამ წიგნმა განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ქართველ მკითხველს შორის მას შემდეგ, რაც გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტი, მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვრის სასამართლო პროცესზე დარბაზში ის მარია რესას ამ წიგნით წარსდგა.
მიუხედავად იმისა, რომ ფილიპინები რომის სტატუტის წევრი სახელმწიფო აღარაა, ჰააგის სასამართლო აცხადებს, რომ დანაშაულთა დიდი ნაწილი 2019 წლამდე, ანუ წევრობის შეწყვეტამდეა ჩადენილი.