საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოსა და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელს, ანდრეი ერმაკს შორის რუსეთ-უკრაინის ომის საკითხზე მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი გაიმართება.
ეს 28 თებერვალს თეთრ სახლში ხმაურიანი შეკრების შემდეგ დელეგაციების პირველი შეხვედრა იქნება.
პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებაში ნათქვამია, რომ ანდრეი ერმაკის გარდა, დელეგაციის წევრები იქნებიან უკრაინის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებიც, ანდრეი სიბიგა და რუსტემ უმეროვი. შეერთებული შტატების დელეგაციის წევრთა შორის, სახელმწიფო მდივნის გარდა, სავარაუდოდ იქნებიან ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკ უოლცი და ახლო აღმოსავლეთში ტრამპის წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მოლაპარაკებები 10-დან 12 მარტამდე გაგრძელდება და ამერიკული დელეგაცია დააკვირდება, თუ რამდენად სერიოზულადაა განწყობილი უკრაინული მხარე ტრამპის ადმინისტრაციასთან კავშირის გაუმჯობესებითა და ომის დასრულებით.