ევროკავშირის თავდაცვისა და უკრაინის სამიტის წინ უკრაინის მხარდამჭერთა ჯგუფი და მემარჯვენე აქტივისტები ოთხშაბათს, 5 მარტს, ევროსაბჭოს შენობის წინ შეიკრიბნენ და ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდეს, გაყინული რუსული აქტივები უკრაინის გადარჩენისთვის ბრძოლის დასაფინანსებლად გამოიყენონ.
აქციის მონაწილეებმა 100 მეტრის სიგრძის ბანერი გაშალეს, წარწერით: „დაიცავი უკრაინა, დაიცავი ევროპა, წაართვი რუსეთს მილიარდები!”
არასამთავრობო ორგანიზაცია Avaaz-ის იურიდიული გუნდის ხელმძღვანელი ნიკ ფლინი აცხადებს, რომ ამ ბანერზე არის მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელშიც უკრაინისა და ევროპის დაცვასა და 200 მილიარდ დოლარამდე გაყინული რუსული აქტივების უკრაინის აღსადგენად და თავდაცვის მხარდასაჭერად გამოყენებას გულისხმობს. ეს ყველაფერი კანონიერია და ერთადერთი, რაც აკლია, პოლიტიკური ნებაა. მისი თქმით, როდესაც ევროპელი ლიდერები შეხვდებიან ზელენსკის და მხარდაჭერას შეჰპირდებიან, მათ უნდა გადადგან ქმედითი ნაბიჯები და პუტინს პასუხი აგებინონ უკანონო აგრესიისთვის.
საპროტესტო აქცია მოაწყო ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაცია Avaaz-მა, რომელიც 2007 წელს დაარსდა.
აქციის მონაწილე იანა ბროვდი ამბობს, რომ ევროკავშირი და წევრი ქვეყნები უნდა ჩაერთონ და გამოიყენონ ბერკეტები, რომლებიც მათ გააჩნიათ, მათ შორის რუსეთის გაყინული აქტივები ბელგიაში, რათა ზეწოლა მოახდინონ პუტინზე და დამყარდეს მშვიდობა, რადგან უკრაინელებს სურთ მშვიდობა. მისი თქმით, მათ ძალიან ბევრი რამ დაკარგეს ამ ომში.
ევროკავშირის ლიდერები საგანგებო მოლაპარაკებებს გამართავენ. მათი მიზანია, სწრაფად გაზარდონ თავიანთი სამხედრო ბიუჯეტი და დაადგინონ თავდაცვის ხარჯების ახალი პრიორიტეტები.
ბრიუსელის სამიტი მას შემდეგ იმართება, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ევროპამ საკუთარ უსაფრთხოებაზე თავად უნდა იზრუნოს და აჩერებს უკრაინის სამხედრო დახმარებას.