ანდერლეხტის მცხოვრებნი ღელავენ მას შემდეგ, რაც 17 თებერვალს მეტროს სადგურთან კიდევ ერთხელ ისროლეს. ეს გასულ დღეებში მეტროსადგურებთან სროლის მეოთხე შემთხვევაა. ამ ადგილებში მცხოვრები ადამიანები შეშინებულები არიან.
ერთ-ერთი მოქალაქე ამბობს, რომ შებინდებისთანავე ისინი ვეღარ ბედავენ გარეთ გასვლას ბრმა ტყვიის მოხვედრის შიშით, მაშინაც კი, თუ ეს კონფლიქტი მათ არ ეხებათ. მოსახლეობა დახმარებისთვის მთავრობას მიმართავს.
ბრიუსელის პროკურატურის ცნობით, საღამოს 22:25 საათზე პოლიციას მიმდებარე ტერიტორიიდან ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შესახებ შეატყობინეს. მისვლისთანავე პოლიციელებმა დაზარალებული ფეხში დაჭრილი ნახეს.
კიდევ ერთი მოქალაქის თქმით, ბავშვებიც კი ეუბნებიან, რომ გარეთ ფრთხილად იყოს. როგორც ის ამბობს, ანდერლეხტში ხალხს ცეცხლსასროლი იარაღი აქვს და საქმე სერიოზულადაა. მოქალაქის თქმით, გუშინ ღამითაც დაინახა, როგორ მოძრაობდა პოლიცია. მას იმედი აქვს, დამნაშავეს მალე დააკავებენ.
წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ დამნაშავემ მოძრავი ელექტროსკუტერიდან ერთი ტყვია ისროლა, სანამ მიიმალებოდა.
მსხვერპლმა სწრაფად მოახერხა სამშვიდობოს გასვლა, ხოლო გადაუდებელმა სამსახურმა მას პირველადი დახმარება აღმოუჩინა, სანამ დაკითხვაზე გადაიყვანდნენ.
შემთხვევას რამდენიმე თვითმხილველი ჰყავს, ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები და პოლიცია. ძალისხმევის მიუხედავად, დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია, ხოლო თავდამსხმელი ისევ არ დაუკავებიათ.