უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე აშშ-ის თავდაცვის მდივნის გამოსვლის პარალელურად ბრიუსელში საპროტესტო აქცია გაიმართა.
ბრიუსელის ცენტრალური სადგურის წინ აშშ-ში დემოკრატიული ღირებულებების დაცვის მოწოდებით ათეულობით ადამიანი შეიკრიბა. ისინი დონალდ ტრამპის პოლიტიკას ეწინააღმდეგებიან.
ბელგიაში დემოკრატების სპიკერმა რობინ დე ვაუტერსმა განაცხადა, რომ ისინი აპროტესტებენ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ კონსტიტუციური და ამერიკული ღირებულებების შელახვას.
დე ვაუტერსის თქმით, აშშ-ის მოსახლეობამ დონალდ ტრამპს პრეზიდენტის მანდატი დემოკრატიულად ჩატარებული კენჭისყრის შედეგად მიანიჭა, შესაბამისად, მან უნდა დაცვას თითოეული ამერიკელის ინტერესი.
„მან პატივი უნდა სცეს კანონის უზენაესობასა და სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ასევე კონგრესში მიმდინარე პროცესებს. მას არ აქვს უფლება, თავი ავტოკრატად წარმოაჩინოს“, – დასძინა დე ვაუტერსმა.
დემონსტრაცია აშშ-ის თავდაცვის ახლად დანიშნული მდივნის პიტ ჰეგსეთის ბელგიაში ვიზიტის პარალელურად გაიმართა.
ბრიუსელში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე გამოსვლისას ჰეგსეთმა განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა 2014 წლამდელ საზღვრებში, ისევე როგორც მისი ნატოში გაწევრება, არარეალური მიზნებია და ისინი არ უნდა იყოს გათვალისწინებული სამშვიდობო მოლაპარაკებებში. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის ჯარები არ გაიგზავნება უკრაინაში სამშვიდობო მისიის ფარგლებში.
„მნიშვნელოვანია, გავაგებინოთ ყველას, რომ ჩვენ ვართ ნატოს ძლიერი წევრი, რომ დავიცავთ ხელშეკრულებას და არ ვაპირებთ ნატოსთვის ძირის გამოთხრას“, – განუცხადა ევრონიუსს ბელგიის დემოკრატების ყოფილმა თავმჯდომარემ პაულინ მანოსმა.
„ეს აღარ შეიძლება განმეორდეს“, – მან იგულისხმა ტრამპის პოლიტიკა მისი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს, – „ჩვენ ვიდგებით ევროპის გვერდით“.