მთავარიგადაცემებიპრიზმა„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“

„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“

ეს სამხედროები „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ბენეფიციარები არიან – ფონდის, რომელიც 2018 წელს სილქნეტმა დააფუძნა და რომელიც ამავე წლიდან დაჭრილ მეომრებსა და მათ ოჯახებს ეხმარება.

2024 წელს ფონდი კიდევ 100 მეომარს დაეხმარა: დაუფინანსა გადაუდებელი ოპერაციები საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, მედიკამენტებით, სამედიცინო კვლევებითა და რეაბილიტაციის კურსით უზრუნველყო ისინი და სხვადასხვა ფორმით დაეხმარა მათ მეუღლეებსა და არასრულწლოვან შვილებს.

2024 წელს „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ 1 097 000 ლარი მოახმარა მათ, ვინც ქვეყნისთვის თავი გადადო და საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ღირსეულად იბრძოლა. ფონდმა მათ თანადგომა გაუწია ჯანმრთელობის, სოციალური ადაპტაციისა და განათლების მიმართულებით.

2024 წელს გამორჩეული იყო ფონდის მთავარი დონორის, სილქნეტის შემოწირულებაც. 300 000 ლარის ნაცვლად, რომელსაც კომპანია ფონდში ყოველწლიურად რიცხავს, გასულ წელს დონაციამ 781 000 ლარი შეადგინა.

5 თებერვალს ფონდმა საზოგადოებას 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ღონისძიებაში ფონდის ბენეფიციარები, საჯარო და კერძო პირები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები – ელჩები და სამხედრო ატაშეები.

2025 წლის დასაწყისიდან „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდს“ უკვე შეუერთდნენ პირველი დონორები. ამ დროისთვის ფონდში ჯამურად 264 855 ლარი გადაირიცხა.

თანადგომის გამო შეკრებილებს, Silk Road Group-ის დამფუძნებელმა და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ გამგეობის თავმჯდომარემ, გიორგი რამიშვილმა ასე მიმართა:

„ჩვენი გმირი მეომრების მხარდაჭერა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირებულება, რომელზეც მთელი ჩვენი საზოგადოება თანხმდება, ისევე, როგორც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და დასავლურ ცივილიზაციაში ინტეგრაციის მისწრაფება. ამის დასტურია ის ფაქტი, რომ ყველა ასეთ შეკრებას ყოველთვის ამდენი საერთაშორისო მისიის წარმომადგენელი, ამდენი ქართული საზოგადოების და ბიზნესის წარმომადგენელი ესწრება. ჩვენ მადლობელი ვართ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ფონდის საერთაშორისო მეგობრების ჩვენი დაჭრილი მეომრების ურყევი მხარდაჭერისთვის.

ამ რამდენიმე დღეში ქართულმა ბიზნესებმა და კერძო პირებმა უკვე 300 ათას ლარამდე ჩარიცხეს ფონდის ანგარიშზე, რაც სილქნეტის ყოველწლიურ 300 ათას ლარს დაემატა. ფონდსა და თავდაცვის სამინისტროს მიერ 2024 წელს ერთობლივად გაწეულმა თანადაფინანსების თანხამ 1 070 000 ლარი შეადგინა. ვფიქრობ, რომ 2025 წელსაც შევინარჩუნებთ ამ დინამიკას და შევძლებთ, რომ მილიონ ლარზე მეტი მოვახმაროთ ჩვენი დაჭრილი მეომრების და მათი ოჯახების საჭიროებებს.”

ღონისძიებაზე „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2024 წლის ანგარიში ფონდისა და სილქნეტის გენერალურმა დირექტორმა, დავით მამულაიშვილმა წარადგინა. ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს ფონდმა შემოწირულების სახით 1 097 459 ლარი მიიღო. აქედან 929 355 ლარი იურიდიულ პირთა შემოწირულებაა. 168 104 ლარი კი, ფიზიკურ პირთა შენატანია.

2024 წლის განმავლობაში ფონდისა და თავდაცვის სამინისტროს 50% თანადაფინანსებები 17-მა ბენეფიციარმა მიიღო, რაშიც ჯამურად 1 070 000 ათასი ლარამდე დაიხარჯა.

ფონდმა უზრუნველყო 27 ბენეფიციარის სამედიცინო კვლევები და მომსახურება. იზრუნა 10 ბენეფიციარის მედიკამენტებით უზრუნველყოფაზე. დააფინანსა 10 ოპერაცია. 30 000 ლარით დააფინანსა 15 დაჭრილი მებრძოლის არასრულწლოვანი შვილი.  19 202 ლარი  მოხმარდა 9 დაჭრილი მებრძოლის პროთეზირებას, პანდუსის მოწყობას ეტლით მოსარგებლეებისთვის და ადაპტაციის სხვა საჭიროებებს. ამასთან, ათასობით ლარი გამოიყო სამხედრო მოსამსახურეების განათლებისა და ოჯახების სხვადასხვა სახით მხარდაჭერისთვის.

„ნებისმიერი ადამიანი ვალდებულია (ვალდებულებაში, პირველ რიგში კეთილ ნებას ვგულისხმობ), რომ რაღაც ფორმით დახმარება გავუწიოთ. ზოგმა შეიძლება მატერიალურად, ზოგმა ემოციის გამოხატვით და ა. შ… ვეხმარებით როგორც დაჭრილ მეომრებს, ისე მათ ოჯახის წევრებს, არასრულწლოვან შვილებს, მეუღლეებს. მიმაჩნია, რომ ძალიან დიდი კეთილი საქმეა რასაც ყველა ერთად ვაკეთებთ: თავდაცვის სამინისტრო, ვეტერანთა სამსახური, სილქნეტი და ყველა ის ფიზიკური პირი, ვინც თუნდაც ერთ ლარს მაინც შემოსწირავს ამ ფონდს“, – განაცხადა დავით მამულაიშვილმა, „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ გენერალურმა დირექტორმა.

ღონისძიებაზე ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდსა და თავდაცვის სამინისტროს შორის. მემორანდუმი პარიტეტულ საწყისებზე ბენეფიციართა ერთობლივ დაფინანსებას ითვალისწინებს.

„წლების განმავლობაში ჩვენმა ოფიცრებმა, ჩვენმა ჯარისკაცებმა ძალიან დიდი პატივისცემა მოიპოვეს – პატივისცემა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. მათ არაერთხელ დაუმტკიცებიათ, რომ საიმედო პარტნიორები არიან და ყველა ოპერაციაში, რომელშიც ქართველ ჯარისკაცს, ქართულ ქვედანაყოფს მიუღია მონაწილეობა, ისინი გამოირჩეოდნენ მაღალი პროფესიონალიზმითა და სანდოობით. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო მათ. აქვე გეტყვით იმასაც, რომ საქართველოში, ჩვენს საზოგადოებაში, თავდაცვის ძალები, ქართული ჯარი ყველაზე დიდი  ნდობის მქონე ინსტიტუციაა. ამიტომ, მინდა ხაზი გავუსვა, რომ მნიშვნელოვანია, ეს ნდობა გარდაიქმნას და გამოიხატოს სხვა მხარდაჭერაში“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა.

ღონისძიებაზე შეკრებილებს მიმართა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ბორდის საპატიო წევრმა. საქართველოს საპატიო კონსულმა სამხრეთ კაროლინაში, დევიდ შიმპმა:

„მრავალწლიანი კავშირი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდთან“ ნამდვილად დიდი პატივია. ფონდმა ძალიან ბევრი კარგი რამ გააკეთა საქართველოს დაშავებული ჯარისკაცებისთვის – ხილული და უხილავი ჭრილობებისთვის და მათი ოჯახებისთვის სხვადასხვა სახით. ფონდი აგრძელებს წინსვლას ახალი და იმდენად მნიშვნელოვანი ინიციატივებით, როგორიცაა დაჭრილთა შვილების განათლების მხარდაჭერაა. ასევე, ისეთი უნიკალური პროგრამით, როგორიცაა “ჯარისკაცები საფარიში”. ეს საერთაშორისო დაფინანსების პროგრამა არის ომში მიღებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტრავმების მქონე ვეტერანებისთვის. ამერიკის შეერთებულ შტატებს ხანგრძლივი მეგობრობა და უაღრესად პატივსაცემი პარტნიორობა აკავშირებდა ქართველ სამხედროებთან, განსაკუთრებით ერაყსა და ავღანეთში. ასევე, დიდი სიყვარული ქართველ ხალხთან“, – განაცხადა მან.

დაჭრილი მეომრების არასრულწლოვან შვილებს მხარს ბრიტანეთის საელჩოც უჭერს. საელჩო მათ ინგლისური ენის შესწავლაში ეხმარება და სპეციალურ სასწავლო კურსს სთავაზობს.

„დიდი პატივია დაჭრილი მეომრების ყოველწლიურ ღონისძიებაზე დასწრება. ჩვენ სიამაყით ვიხსენებთ ქართველ ვეტერანებთან ერთად გაკეთებულ საქმეებს. გვახსოვს მათი თავგანწირვა თავისუფლებისა და ყველა ჩვენგანისთვის. მაგრამ, ამასთან, მნიშვნელოვანია არ დავივიწყოთ მათი ოჯახები, ვინც ჩვენთვის იბრძოლა. ცოლები, დედები, და განსაკუთრებით, შვილები… ამიტომ, ბრიტანეთის საელჩოში ძალიან გვიხარია, რომ პროგრამა წელსაც გაგრძელდება“, – განაცხადა დიდი  ბრიტანეთის სამხედრო ატაშემ, საზღვაო კაპიტანმა სტივენ ქუანთრილმა.

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ დაფუძნებიდან, 2018 წლიდან მოყოლებული, ამ ფონდში შეტანილი თანხა გამუდმებით იზრდება, და ამ დროისთვის, საერთო ჯამში, 5 მილიონი ლარი შეგროვდა და დაიხარჯა. დაიხარჯა იმ მებრძოლებზე, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend