დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში სინათლის ფესტივალი ტარდება. თებერვალში, სამი კვირის განმავლობაში, ხელოვანებს ქალაქში თავიანთი ნამუშევრები მოაქვთ და გამოფენას აწყობენ.
ზამთრის ცივ და ბნელ ღამეებს 50 ინსტალაცია გაანათებს. სინათლის ეს ფესტივალი ევროპაში უდიდესია. აქ წარმოდგენილ ინსტალაციათა შორის ერთ-ერთი ირანელი მხატვრის, მანი ნიკდელის მიერ შექმნილი „აურაა“, რომელიც სარკეში მაყურებლის ემოციებსაც ასახავს.
„როდესაც სარკის წინ დგახართ, ჩვენ თქვენს ემოციებს ვზომავთ და ამ ემოციებს ფერებში ვთარგმნით. ფერებში, რომელთა დანახვასაც მაყურებელი შეძლებს“, – ამბობს მანი ნიკდელი, ხელოვანი.
ნამუშევრები ქალაქის სხვადასხვა უბანშია განთავსებული. ზოგიერთს ვხვდებით ქალაქის ნავსადგურთან, სადაც სტუმრებს შეუძლიათ ჰოლანდიელი ხელოვანების მიერ შექმნილი ინსტალაციების ნახვა.
სამი ნამუშევარი კოპენჰაგენის სასაფლაოს ანათებს. ხელოვნების ნიმუშები განთავსებულია ისეთ უბნებშიც, რომლებიც ჩვეულებრივ, სხვა უბნებთან შედარებით ბნელია და ფესტივალის მიმდინარეობისას სწორედ ამ ინსტალაციებით განათდება.
„სასაფლაო როგორც წესი სიკვდილთან ასოცირდება, თუმცა ეს ადგილი აუცილებლად სევდასთან არ უნდა იყოს დაკავშირებული. სასაფლაო შეიძლება სინათლესთანაც ასოცირდებოდეს და ეს ნამუშევრებიც აქ სწორედ ამისთვისაა“, – ამბობს ოლე ასბორნ რიისი, დანიის მოქალაქე.
კოპენჰაგენის სინათლის ფესტივალი დანიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღონისძიებაა, რომელსაც 400 000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს და ის 23 თებერვლამდე გაგრძელდება.