მთავარიევროპაუკრაინაუკრაინაში პოკროვსკის ფლანგზე რთული ვითარებაა

უკრაინაში პოკროვსკის ფლანგზე რთული ვითარებაა

დონეცკის ოლქში ფრონტის ცენტრალურ მიმართულებაზე დასახლება პოკროვსკთან ვითარება უკიდურესად იძაბება. კრემლის არმია ნაცად მეთოდს მიმართავს და ქალაქის ფლანგებიდან უტევს. ამ მომენტისთვის პოკროვსკი ორი მხრიდან ალყაშია. უკრაინული არმია ქვეითი ძალისა და მომარაგების სიმცირეს განიცდის – დრო მათ წინააღმდეგ მუშაობს.

ქალაქი პოკროვსკი უკრაინის არმიისთვის უმნიშვნელოვანეს ლოგისტიკურ კვანძს წარმოადგენს. ესაა ერთგვარი გზაჯვარედინი, საიდანაც გზები დონეცკის ოლქის სხვა მნიშვნელოვანი ქალაქებისკენ მიემართება. მოსკოვი ამ ადგილას ძლიერ იერიშს აგრძელებს. მათ სურთ, რაც შეიძლება მეტი ტერიტორია დაიკავონ იმ დროისთვის, როდესაც მოლაპარაკებების დაწყება მოუწევთ.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მხარეებს არაერთხელ მოუწოდა ცეცხლის შეწყვეტისკენ. მან  2 თებერვალს განახადა, რომ უკრაინასა და რუსეთთან დაგეგმილი მოლაპარაკებების შესახებ დისკუსია საკმაოდ კარგად მიმდინარეობს. ტრამპმა ასევე არაერთხელ გააკრიტიკა პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის გამო.

ამ დროს კი პოკროვსკის ფლანგზე რუსებმა მნიშვნელოვანი სიმაღლეები დაიკავეს. უკრაინის არმიის მომარაგების გზატკეცილები ცეცხლის ალშია. უკრაინელი სამხედროები ამბობენ, რომ არ აქვთ შესაბამისი რესურსები თავდაცვითი ხაზის გასამაგრებლად. „ომს იგებს ლოგისტიკა. თუ არაა მომარაგება, ქვეითი ვერ იბრძვის”, – ამბობენ უკრაინის მცველები.

„ყოველდღიურად ბატალიონების, ბრიგადებისა და სხვა დანაყოფების  ხელმძღვანელები მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ დრონებს. ესაა ის, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება. ვერ ვხვდები,  ჯერ კიდევ რატომ არ გვაქვს საკმარისი დრონი. ამ დროისთვის ეს ხომ ყველაზე ცხელი წერტილია ფრონტზე. რეზერვები აღარ გვაქვს. აღარც იმდენი ქვეითი ძალაა, რომ ასეთი პოზიციების გამაგრება შევძლოთ. ქვეითები ერთი კვირაა ფრონტზე არიან. პოზიციებზე გაჩერება კი ორი კვირაა შესაძლებელი. სამწუხაროდ,  უმრავლესობა ეთიშება ბრძოლას. მათი უმრავლესობა ან დაჭრილია, ან კვდება. ასეთი ვითარებაა“, – ამბობს ერთ-ერთი უკრაინელი ჯარისკაცი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, პოკროვსკის ფლანგზე ერთ დღეში 39 რუსული იერიში მოიგერიეს. გასულ კვირას  ფრონტის ამ მიმართულებაზე დასახლება ველიკა ნოვოსილკა დაიკავეს რუსებმა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ თებერვალი რთული თვე იქნება. სამშვიდობო მოლაპარაკებაზე საუბრობენ უკრაინელი სამხედროები. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა გენერალმა სირსკიმ დღეს განაცხადა, რომ რუსული სტრატეგიული ობიექტები კვლავ კიევის პრიორიტეტულ სამიზნედ რჩება. დღესვე მოგვიანებით გენერალურმა შტაბმა საზოგადოებას ამცნო, რომ 3 თებერვლის ღამეს ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელი და ასტრახანის  გაზგადამამუშავებელი ქარხნები დაბომბეს.  ზარალის ოდენობა უცნობია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend