ზამთარია, ცივა… თბილისის მოსახლეობის უმეტესობა გაზის გამათბობლებით ებრძვის ცივ ზამთარს. ამიტომ ზამთარში გაზის უსაფრთხო მოხმარებასთან დაკავშირებული საკითხები განსაკუთრებით აქტუალური ხდება.
„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, 2024 წელს დედაქალაქის მასშტაბით ჩატარებული შემოწმებების შედეგად 3398 დარღვევა გამოვლინდა. ასევე დასახელდა ყველაზე საშიში უბნები ბუნებრივი გაზის უსაფრთხო მოხმარების თვალსაზრისით. ესენია: ისანი, სამგორი, ვაზისუბანი, გლდანი და კრწანისი.
„2024 წელს 5 ადამიანია გარდაცვლილი გაზით გამოწვეული უბედური შემთხვევისგან, 34 ადამიანი მოიწამლა, 2 ადამიანი დაშავდა ძლიერი აფეთქების შედეგად“, – ამბობს, „თბილისი ენერჯის” ტექნიკური დირექტორის მოადგილე გიორგი ლეფსვერიძე.
რა ვალდებულება აქვთ გაზის მიმწოდებელ კომპანიებს და რა უნდა მოვიმოქმედოთ, თუკი გაზის სუნს ვიგრძნობთ?
„კომპანიები წელიწადში ერთხელ ვალდებულები არიან, რომ მომხმარებელთან მივიდნენ და შეამოწმონ დანადგარები და ქსელი, თუ რამდენად გამართულ მდგომარეობაშია. როდესაც მომხმარებელი რაიმე ტიპის საშიშროებას იგრძნობს, ან თვლის, რომ მისი დანადგარი შეიძლება იყოს დაზიანებული, ან სუნია ისეთი უსიამოვნო, რომელსაც უკავშირებს გაზის დანადგარის არასწორ გამოყენებას, ან კომპანიის წარმომადგენლის მისვლისას სახლში არ დახვდა, ასეთ შემთხვევაში, აუცილებლად უნდა დარეკოს კომპანიის ცხელ ხაზზე, რომელიც მას ემსახურება და ისინი შემდეგ ვალდებულნი არიან, რომ დაუყოვნებლივ გადაამოწმონ. ნებისმიერი ახალი დანადგარის შეძენისას გავითვალისწინოთ, რომ დავამონტაჟებინოთ შესაბამის ლიცენზირებულ კომპანიებს და შემდეგ შევამოწმებინოთ, რამდენად სწორად არის დაყენებული“, – ამბობს ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გულიეშვილი.
რა ხდება მაშინ, თუ გაზის დანადგარი ტექნიკური ნორმების დარღვევით არის დამონტაჟებული?
„როდესაც აღმოვაჩენთ, რომ აბონენტს დანადგარი ტექნიკური ნორმების დარღვევით აქვს დამონტაჟებული, ასეთ შემთხვევებში ჩვენ ვჭრით. ვწერთ აქტს და მოქალაქეს ვეუბნებით, რომ ტექნიკური ნორმების დარღვევა საფრთხეს უქმნის მასა და მის მეზობლებს. ვეუბნებით, როგორ უნდა მოიქცეს შემდგომ. გაზსადენის მიყვანაზე უნდა გაკეთდეს პროექტი, ყველგან დანადგარის განთავსება არ შეიძლება. ჩვენმა კვალიფიციურმა პირმა უნდა შეურჩიოს, სად შეიძლება მის ბინაში არსებული დანადგარი განთავსდეს, შედგეს შესაბამისი პროექტი და ჩვენმა თანამშრომლებმა მიიყვანონ გაზსადენი და ჩართონ გაზი”, – ამბობს „თბილისი ენერჯის” ტექნიკური დირექტორის მოადგილე გიორგი ლეფსვერიძე.
არაერთხელ მომხდარა, რომ ოჯახში გაზის სუნი იგრძნეს, მაგრამ რაღაც მიზეზის გამო ხელოსნის გამოძახებისაგან თავს იკავებენ. შესაძლოა, ეს სოციალური შეჭირვების გამო იყოს და ოჯახს ხელოსნის მომსახურების გადახდის შესაძლებლობა არ აქვს, ან კიდევ ათასი სხვა მიზეზი…
„გარდა იმისა, რომ ასეთი ქცევით საფრთხეს ვუქმნით საკუთარ თავს, გარშემომყოფებიც შეიძლება დავაზარალოთ. შეიძლება აფეთქება მოხდეს, ან გაზით მოიწამლონ და ჩვენ ასეთი არაერთი შემთხვევა გვქონია. ასეთ დროს თანაბარი წილი პასუხისმგებლობა აქვს, როგორც კომპანიას ასევე მომხმარებელს”, – ამბობს ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გულიეშვილი.
ახლა კი სპეციალისტის რამდენიმე რჩევა მათთვის, ვინც გაზის გამათბობლით სარგებლობს.
„როგორც კი ნებისმიერი მოქალაქე შეიგრძნობს სუნს, არ აქვს მნიშვნელობა ეს არის სახლი, სადარბაზო თუ ქუჩა, დაუყოვნებლივ უნდა აკრიფოს 114 და ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას მაქსიმალურად სავარაუდო დროში, 20-30 წუთში, შეიძლება 5 წუთშიც კი მივიდეთ ადგილზე და საფრთხე თავიდან ავირიდოთ. მოვუწოდებთ, რომ შეიძინონ და ექსპლუატაციაში შეიყვანონ მხოლოდ დახურული წვის კამერის მქონე დანადგარი, შემოწმების შედეგები ყურად იღონ, როცა ჩვენ შევამოწმებთ და მივცემთ მითითებებს, აღარ მოიხმარონ განმეორებით. დაახლოებით 200 000 აბონენტს უყენია გაზის გაჟონვის დეტექტორები, კომპლექტში ელექტროონკანთან ეს არის იდეალური ვარიანტი, რომ მაქსიმალურად დაცულები ვიყოთ გაჟონვის შედეგად აფეთქებისგან”, – ამბობს „თბილისი ენერჯის” ტექნიკური დირექტორის მოადგილე გიორგი ლეფსვერიძე.