მთავარიბიზნესი„ჰონდა“ და „ნისანი“ გაერთიანებას გეგმავენ

„ჰონდა“ და „ნისანი“ გაერთიანებას გეგმავენ

ამ შერწყმის შედეგად ბაზარზე სიდიდით მესამე ავტომწარმოებელი გაჩნდება

ორმა მსხვილმა იაპონურმა ავტომწარმოებელმა – „ჰონდამ“ და „ნისანმა“ გაერთიანების თაობაზე მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყეს. თუ გარიგება საბოლოოდ შედგა, მსოფლიო ბაზარზე გაჩნდება სიდიდით მესამე ავტომწარმოებელი „ტოიოტასა“ და „ფოლკსვაგენის“ შემდეგ. გამორიცხული არ არის, რომ გარიგებას შეუერთდეს კიდევ ერთი იაპონური გიგანტი – „მიცუბიში მოტორსიც“, რომელშიც „ნისანი“ აქციათა უმსხვილეს პაკეტს ფლობს.

წინასწარი გათვლებით, გაერთიანებული ავტოგიგანტი წელიწადში 7,4 მილიონ ავტომობილს გამოუშვებს, გაყიდვების ჯამური მოცულობა კი 190 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. მოლაპარაკებები 2025 წლის ივნისისთვის უნდა დასრულდეს, ერთობლივი ჰოლდინგური კომპანიის ჩამოყალიბება კი 2026 წლის აგვისტოსთვის იგეგმება.

ორი იაპონური ავტოკონცერნის გაერთიანების თაობაზე მოლაპარაკებები ჩინურ ავტომწარმოებლებსა და ილონ მასკის კუთვნილ კომპანია „ტესლასთან“ მათი მზარდი კონკურენციის ფონზე მიმდინარეობს.

მოსალოდნელი გარიგება იქნება მსოფლიო საავტომობილო ბაზრის ყველაზე მსხვილი გადაჯგუფება 2021 წლის შემდეგ, როდესაც „ფიატ კრაისლერი“ და „პი-ეს-ეი გრუპი“ (მის პორტფელშია „სიტროენი“ და „პეჟო“) გაერთიანდნენ.

უახლესი

სხვა ამბები

00:03:30
spot_imgspot_img
Send this to a friend