ოქტომბერში ევროზონაში ინფლაცია 4%-მდე გაიზარდა, რაც ბოლო სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში გამოვლენილი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამის მიზეზი ენერგომატარებლებზე ფასების მკვეთრი ზრდაა, რამაც ევროზონის ქვეყნებში ცხოვრების ხარჯები გაზარდა.
„ევროსტატის“ წინასწარი მონაცემებით, წლიურმა ინფლაციამ, რომელიც სექტემბერში 3.8%-ს შეადგენდა, ზრდა განაგრძო და ზუსტად 4%-ს მიაღწია, სწორედ იმდენს, რამდენსაც ეკონომისტები პროგნოზირებდნენ. ეს 2023 წლის სექტემბრის შემდეგ გამოვლენილი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მაშინ ინფლაციის დონე 4.3%-ს შეადგენდა.
საბაზო ინფლაცია, რომელიც არ მოიცავს ენერგომატარებლებს, სურსათს, ალკოჰოლსა და თამბაქოს, უცვლელად 2.5%-იანი ნიშნულზე დარჩა. ეს მაჩვენებელიც პროგნოზების შესაბამისია.
ყველაზე დიდ გავლენას ინფლაციაზე ენერგომატარებლები ახდენს. ფასები ერთი წლის წინანდელთან შედარებით 20.8%-ით გაიზარდა, სექტემბერში ეს მაჩვენებელი 18.9% იყო.
ევროზონის სამომხმარებლო კალათაში ენერგომატარებლების წილი დაახლოებით 9%-ს შეადგენს.
მომსახურების სფეროში, რაც მოიცავს, მაგალითად, გაქირევბას, რესტორნებს, დასვენებასა და დაზღვევას ინფლაცია ოდნაც 3.3%-მდე გაიზარდა.
სურსათზე, ალკოჰოლსა და თამბაქოზე ფასები 1.3%-დან 1.6%-მდე გაიზარდა. გადაუმუშავებელ პროდუქტებზე მაგალითად, ახალ ხილზე, ბოსტნეულსა და ხორცზე ინფლაცია 4%-დან 4.6%-მდე გაიზარდა, რაც იმის ნიშანია, რომ ენერგეტიკული შოკის გავლენა უკვე სუპერმარკეტების თაროებამდეც აღწევს.
