გუშინ, 20 ნოემბერს, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი ბუენოს-აირესში არგენტინის პრეზიდენტ ხავიერ მილეის შეხვდა. ეს ჯორჯია მელონისთვის თანამდებობის დაკავების შემდეგ პირველი შემთხვევაა, როდესაც ის ლათინური ამერიკის ქვეყნებს ეწვია.
„ლათინურ ამერიკაში არგენტინა იტალიისთვის სამაგალითო ქვეყანაა. პრეზიდენტ მილეისთან ერთად ჩვენ გადავწყვიტეთ, ფუნდამენტურად ვიმუშაოთ სამი მიმართულებით. პირველი, რა თქმა უნდა, პოლიტიკური თანამშრომლობაა. ჩვენ შევთანხმდით იტალია-არგენტინის 2025-2030 წლების სამოქმედო გეგმის შექმნაზე, რომელშიც განმარტებული იქნება ორმხრივი თანამშრომლობის საკვანძო საკითხები. მეორე მიმართულება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას ითვალისწინებს. ჩვენ გადავწყვიტეთ კორუფციასთან, ფულის გათეთრებასთან, ნარკოტიკებითა და ადამიანებით ვაჭრობასთან ბრძოლა“, – ამბობს ჯორჯია მელონი.
ხავიერ მილეიც და ჯორჯია მელონიც მემარჯვენეები არიან და მხოლოდ 2024 წელს ისინი ერთმანეთს სამჯერ შეხვდნენ. აგრეთვე, თანამდებობის დაკავების შემდეგ რომი იყო პირველი ევროპული დედაქალაქი, რომელსაც მილეი ეწვია.
„ბოლო ათწლეულის განმავლობაში დასავლეთში გავრცელებული გენდერული იდეოლოგიის ფონზე ჩვენ პატივს ვცემთ სიცოცხლის შეუზღუდავ უფლებასა და ოჯახს, როგორც საზოგადოების ცენტრალურ ელემენტს. იმ დაავადების ფონზე, რომელსაც „ვოუქიზმის ვირუსი“ ჰქვია, ჩვენ ვითხოვთ საღად აზროვნებასა და იმ ღირებულებების დაცვას, რომლებსაც დასავლური სამყაროს უმრავლესობა იზიარებს“, – ამბობს ხავიერ მილეი.
17 ნოემბერს, ბუენოს-აირესში ხავიერ მილეის საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც შეხვდა. მათი შეხვედრა არგენტინაში მცხოვრებმა საფრანგეთის მოქალაქეებმა გააპროტესტეს და დემონსტრაციაც გამართეს.