რიდლი სკოტის „გლადიატორი II” უკვე კინოეკრანებზეა, საიმონ ბერგერის მინის ნამსხვრევები არქიტექტურაშიც ამბობს თავის სიტყვას, ამერიკული როკ-ჯგუფი „ლინკინ პარკი“ (Linkin Park) კი ახალი სინგლით ბრუნდება – ეს ყველაფერი მხოლოდ ნაწილია იმ კულტურული სიახლეებისა, რომლებსაც ევროპელები ამ კვირაში გვთავაზობენ.
დღეები დამოკლდა და ყველგან საშობაო რეკლამები გამოჩნდა. კეთილი საშობაო ბაზრობები კი თანდათან მთელ ევროპას ახალისებს და ათბობს.
პარალელურად იმართება ახალი გამოფენები, გამოდის ახალი ფილმები, სატელევიზიო სერიალები და მუსიკალური ალბომები.
მიმდინარე კვირაში საინტერესო სანახაობებს შორის რეკომენდაციას ვაძლევთ გერმანიაში ფელკლინგერის მეტალურგიულ ქარხანაში (Völklingen Ironworks) მიმდინარე გამოფენას, რომელიც აფრიკის კულტურის ისტორიასა და მასთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს აშუქებს.
ლონდონში ბრიტანეთის მუზეუმში პაბლო პიკასოს აქამდე უცნობი ნახატებია გამოფენილი, ხელოვნების სამეფო აკადემია კი იტალიური რენესანსის სამი ტიტანის ნამუშევრებს მასპინძლობს.
რაც შეეხება ფილმებს, ლონდონში 15-29 ნოემბრის პერიოდში იმართება პალესტინური ფილმების ფესტივალი. Netflix -ზე უკვე გადის ჟაკ ოდიარის ფილმი „ემილია პერესი“ და „ცხელი თრთვილი“.
თანამედროვე შვეიცარიელი ხელოვანის საიმონ ბერგერის გამოფენა „მონუმენტები“ ლისაბონში Underdogs Gallery-ში 28 დეკემბრამდე მიმდინარეობს.
ბერგერი ცნობილია იმით, რომ პორტრეტების შესაქმნელად მინის ნამსხვრევებს იყენებს. თუმცა ოდესღაც არქიტექტორობაზე ოცნებობდა და პორტუგალიის დედაქალაქში მიმდინარე გამოფენა სწორედ ამ ოცნებას უხდის ხარკს. გამოფენაზე წარმოდგენილია 17 ახალი ინსტალაცია, რომლებიც სინათლის ესთეტიკას ეძღვნება.
„ევროშოკოლადის ფესტივალი 2024“ იტალიის ქალაქ პერუჯაში 24 ნოემბრამდე გაგრძელდება. 9 დღიან ფესტივალზე გაიმართება ქუჩის წარმოდგენები, ქუჩები სავსე იქნება შოკოლადის სასმელებით, შოკოლადისგან დამზადებული ხელოვნების ნიმუშებით და ხელით ნამზადი შოკოლადით. ადგილობრივი შოკოლადის ქარხნის დათვალიერებაც არის შესაძლებელი.
პარიზში Carreau du Temple-ში გასული საუკუნის 80, 90-იანი წლებისა და 2000-ისადმი მიძღვნილი ნოსტალგიური ფესტივალის ფარგლებში პირველ დეკემბრამდე ამ წლებში პოპულარული მუსიკა, სათამაშოები და ცეკვები იქნება წარმოდგენილი.
თითოეული დეკადიდან 99 ნივთი გამოიფინება. დიდ ეკრანზე კი აჩვენებენ იმ დროის სატელევიზიო პროგრამებისა და ფილმების საკულტო მომენტებს.
როკ-ჯგუფი „ლინკინ პარკი“ ბრუნდება ახალი სინგლით „სიცარიელის მანქანა“ (‘The Emptiness Machine), რომელმაც გაერთიანებული სამეფოს სიმღერების რეიტინგში მეოთხე ადგილი დაიკავა.
ავტორი: ამბერ ლუისა ბრაისი