რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს მოლდოვა, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები და რეფერენდუმი ჩაატარა.
როგორ ცდილობს, კიშინეუ გათავისუფლდეს რუსული გავლენისგან და მეტად დაუახლოვდეს ევროკავშირს.
რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი მთელი ევროპისთვის, რომ პუტინმა უკრაინაში ვერ გაიმარჯვოს და როგორია დღეს საქართველო-მოლდოვის ურთიერთობები.
ამ და სხვა საკითხებზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში მოლდოვის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკუ პოპესკუმ ისაუბრა.
ევრონიუს ჯორჯია: ბატონო პოპესკუ, დიდი მადლობა ჩვენს გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოლდოვამ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები და რეფერენდუმი გაიარა. მთელი პროცესის განმავლობაში პრეზიდენტი მაია სანდუ რუსეთის მხრიდან უპრეცედენტო ჩარევაზე მიუთითებდა. როგორ გამოიხატა რუსეთის ჩარევა საარჩევნო პროცესში და რა გავლენა იქონია ამან ამომრჩეველთა ქცევასა და არჩევნების უსაფრთხოებაზე?
ნიკუ პოპესკუ, მოლდოვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი: მოლდოვა ნამდვილად არის მისი ისტორიის რთულ ფაზაში. ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ და ომს ძალიან დიდი გავლენა აქვს ჩვენს ქვეყანაზე, მის ეკონომიკაზე, უსაფრთხოებასა და პოლიტიკურ სისტემაზე. ბოლო დროს მსოფლიოში ბევრი მმართველი პარტია თუ ლიდერი აგებს არჩევნებს – მმართველ გუნდებმა თუ პარტიებმა წააგეს არჩევნები გაერთიანებულ სამეფოში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიაში, ფინეთსა და ბევრ სხვა ქვეყანაში. მოლდოვაში მმართველმა გუნდმა, რომელსაც სათავეში მაია სანდუ უდგას, შეძლო წარმატებას მიეღწია. მაია სანდუ პრეზიდენტად ხელახალი ვადით 11%-იანი უპირატესობით აირჩიეს, რაც ნამდვილად ძალიან კარგი შედეგია. მაგრამ, რა თქმა უნდა, გამოწვევები კვლავ რჩება. რუსეთი აგრძელებს ზეწოლას მოლდოვაზე. ის, რა თქმა უნდა, აგრძელებს მოლდოვის ძლიერი ჰიბრიდული ზეწოლის ქვეშ მოქცევას. აფინანსებს დეზინფორმაციულ არხებს, არალეგალურად აფინანსებს პარტიებს. ბოლო არჩევნებში მათ გამოიყენეს სქემა, რომლითაც საბანკო ბარათები დაურიგეს დაახლოებით 140 000 ადამიანს, რომელთათვისაც რუსეთისა და მის მიერ მხარდაჭერილი ოლიგარქების სასარგებლოდ ხმის მიცემისთვის თანხა უნდა გადაეხადათ. ეს ხმების ყიდვის ძალიან დიდი სქემა იყო და რა თქმა უნდა, არჩევნებზე იმოქმედა. ერთი მხრივ, მაია სანდუმ გაიმარჯვა, მოგებულია ევროკავშირთან დაკავშირებული რეფერენდუმიც, თუმცა მაინც, ხმების ყიდვის ამ სქემამ ორივე შედეგი შეამცირა და მოსალოდნელია, რომ იგი მოლდოვის მომდევნო არჩევნებშიც რისკფაქტორი იქნება.
ევრონიუს ჯორჯია: ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის კონსტიტუციით გაძლიერების ფონზე გრძნობთ, რომ არსებობს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები, განსაკუთრებით რუსეთის მხრიდან?
ნიკუ პოპესკუ, მოლდოვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი: მოლდოვისთვის ევროკავშირში საკუთარი ადგილის კონსოლიდაცია ძალიან მნიშვნელოვანია. მოლდოვა, როგორ იცით, საქართველოს მსგავსად, კანდიდატი ქვეყანაა. იგი ახლა ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებებს აწარმოებს და ძალიან კარგად ახორციელებს ევროკავშირის მიერ მოთხოვნილ ტექნიკურ კრიტერიუმებს. ევროკომისია ყოველწლიურად აქვეყნებს ანგარიშს პროგრესზე ბევრი მიმართულებით და მოლდოვა საკმაოდ კარგად ასრულებს მოთხოვნებს. გარდა ამისა, მოლდოვისთვის, როგორც პატარა ქვეყნისთვის ევროპის სახიფათო ნაწილში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს უფრო დიდი ოჯახის ნაწილი და ევროპის სახელმწიფოებმა მუდმივად დაუჭირონ მხარი და დაიცვან, როგორც ეკონომიკური, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით. სანამ უკრაინაში მიმდინარე ომი არ დასრულდება და სანამ რუსეთი უკრაინაში წინსვლას აგრძელებს, ბევრი ქვეყანა, რა თქმა უნდა, რისკის ქვეშ რჩება.
ევრონიუს ჯორჯია: მინდა გკითხოთ რუსი სამხედროების განლაგებაზე დნესტრისპირეთში. როგორ იმოქმედა უკრაინის კონფლიქტმა დნესტრისპირეთის უსაფრთხოების დინამიკაზე და რა ნაბიჯებს დგამს მოლდოვა ამ რეგიონში დესტაბილიზაციის თავიდან ასაცილებლად?
ნიკუ პოპესკუ, მოლდოვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსი სამხედროების უკანონო ყოფნა დნესტრისპირეთში უკრაინის ამ ნაწილის დე-ფაქტო ოკუპაციაა. რაც მოლდოვის შემთხვევას საქართველოსა და უკრაინაში 2022 წლამდე არსებული სიტუაციისგან განასხვავებს ისაა, რომ მოლდოვას რუსეთთან პირდაპირი საზღვარი არ აქვს და ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთს მარტივად არ შეუძლია მარაგის შევსება და მისი ჯარების მოდერნიზება დნესტრისპირეთში, რომელიც გეოგრაფიულად იზოლირებულია. ამან მოლდოვას საშუალება მისცა, შეენარჩუნებინა მშვიდობა და სტაბილურობა. იყო ბევრი მომენტი, როცა დნესტრისპირეთის რეგიონში ვითარება დაძაბული იყო. იყო სიტუაციები, რომლებსაც შესაძლოა ესკალაცია მოჰყოლოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ სტაბილურობისა და სიმშვიდის შენარჩუნება შევძელით. რა თქმა უნდა, ეს დიდწილად უკავშირდება იმას, რომ უკრაინამ შეძლო, წინააღმდეგობა გაეწია ფრონტის ხაზზე და რუსული არმია მოლდოვის საზღვრისგან საკმაოდ შორს დაეტოვებინა. ამან უკრაინელების წყალობით განაპირობა მშვიდობა და სტაბილურობა მოლდოვაში 2022 წელს ომის დაწყების შემდეგ.
ევრონიუს ჯორჯია: უკრაინაში ლამის სამწლიანი ომის ფონზე როგორ ფიქრობთ, რატომ არის ასე მნიშვნელოვანი მოლდოვისა და ევროპისთვის, რომ პუტინმა ეს ომი არ მოიგოს?
ნიკუ პოპესკუ, მოლდოვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი: ეს ცალსახად მნიშვნელოვანია ყველას უსაფრთხოებისთვის, მათ შორის, მოლდოვისთვის. ბოლო ორ წელიწად-ნახევრის განმავლობაში მოლდოვის მშვიდობა და უსაფრთხოება უკრაინის მიერ იყო დაზღვეული – დაზღვეული იყო უკრაინის საზოგადოების გამძლეობითა და უკრაინის არმიის წინააღმდეგობით. ამიტომაც, უკრაინის დაცვით, მათ მოლდოვაც დაიცვეს. მაგრამ ამის მიღმა, ცხადია, რომ რუსეთის წინ წასვლა უკრაინაში რისკს შეუქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არა მხოლოდ მოლდოვას, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპის სხვა ბევრ ქვეყანას, რადგან თუ რუსეთი მოახერხებს მისი წარმატების შენარჩუნებასა და კონსოლიდაციას, ბირთვული სტაბილურობის საკითხი პრობლემური გახდება – იქნება მაღალი რისკი ნატო-რუსეთის ურთიერთობებში. სწორედ ამიტომ, საუკეთესო გზა ევროპის სტაბილურობის შესანარჩუნებლად და ევროპულ მიწაზე მშვიდობის დასაბრუნებლად უკრაინის დახმარებაა, რათა რუსული არმია ევროკავშირისა და ნატოს საზღვრებისგან შორს დარჩეს, ასევე სამხედრო შესაძლებლობების ლიმიტის ჩვენება. რა თქმა უნდა, დესტაბილიზაციის რისკები ევროპის მიღმაც გადის. რუსეთის წარმატება უკრაინაში ასევე წაახალისებს სხვა ქვეყნებს, გამოიყენონ მსგავსი სასტიკი სამხედრო მეთოდები წყნარი ოკეანის რეგიონსა თუ სხვაგან საკუთარი პრობლემების გადაჭრისთვის.
ევრონიუს ჯორჯია: საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ოდესღაც ერთად გადიოდნენ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს, მაგრამ ახლა საქართველო გაცილებით უკანაა. როგორ ხედავს მოლდოვა საქართველოს ბოლოდროინდელ წარუმატებლობას ევროკავშირში გაწევრების პროცესში?
ნიკუ პოპესკუ, მოლდოვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი: მოლდოვასა და საქართველოს, მართლაც, საოცარი ურთიერთობა ჰქონდათ დამოუკიდებლობის პირველივე დღიდან. როგორც იცით, ჩვენი ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობდნენ რუსული ჯარების ჩვენი ტერიტორიიდან გასაძევებლად. გახსოვთ, რომ რუსეთს საქართველოში სამხედრო ბაზები ჰქონდა ოთხმოცდაათიანებსა და ადრეულ ორიათასიან წლებში. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვქონდა სეპარატიზმის დამარცხების საერთო ინტერესი. მოლდოვა და საქართველო ყოველთვის ათანხმებდნენ საკუთარ პოზიციებს ეუთოსა და გაეროსთან დაკავშირებით, ევროკავშირთან ურთიერთობასთან დაკავშირებით. ასევე სეპარატისტულ კონფლიქტებთან, დნესტრისპირეთთან, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით. ჩვენ ნამდვილად გვქონდა ოცდაათ წელზე ხანგრძლივი შესანიშნავი პოლიტიკური ურთიერთობები. ის, რაც ახლა საქართველოს შიდა პოლიტიკაში ხდება – ვხედავთ, რომ ამჟამინდელი მთავრობა საქართველოს ევროპასთან კარგი ურთიერთობისა და ასევე მოლდოვისგანაც აშორებს, რა თქმა უნდა, სამწუხაროა. გვინახავს საქართველოს ხელისუფლების თავდასხმაც მოლდოვაზე აშკარა მიზეზის გარეშე, რაც ოცდაათ წელზე ხანგრძლივ ურთიერთობას აუფასურებს. ეს სამწუხაროა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს დროებითია. თავად საქართველოში ბევრჯერ ვყოფილვარ და ვიცი, როგორ უყვართ ქართველებს მოლდოვა. ისინი ყოველთვის ძალიან ღიად და თბილად მხვდებოდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნები ძველ, კარგ გზას დაუბრუნდებიან, კარგი პოლიტიკური ურთიერთობებით. მაგრამ ის, რაც საქართველოს ევროპულ გზაზე მოხდება, ამაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, რადგან საქართველოს, პატარა ქვეყანას საშიშ რეგიონში, სჭირდება მეგობრები – ისეთი მეგობრები, როგორებიცაა მოლდოვა, უკრაინა, ევროკავშირი, გერმანია, ამერიკის შეერთებული შტატები. რა თქმა უნდა, საქართველოს სჭირდება კარგი და მეგობრული ურთიერთობები სამხრეთ კავკასიის, შუა აზიის, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან, მაგრამ ევროპა ჩვენი ოჯახია და უნდა დავრწმუნდეთ, რომ დავიცავთ და შევინარჩუნებთ ჩვენს კარგ ურთიერთობებს. მე მჯერა, რომ თუ ერთად დავდგებით, ჩვენი ქვეყნები შეძლებენ, გააგრძელონ თავისუფლებისა და მშვიდობის დაცვა.