დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო ფიცი დადო. ინაუგურაციის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი თეთრ სახლში დაბრუნებით აშშ-ის ოქროს ხანა იწყება.
„ამერიკის ოქროს ხანა იწყება ახლა. ამ დღიდან აყვავდება ჩვენი ქვეყანა და მას კვლავ პატივს სცემს ყველა მსოფლიოს გარშემო. ყველა სახელმწიფოს შეშურდება ჩვენი და აღარ დავუშვებთ, რომ ვინმემ ჩვენით ისარგებლოს. ტრამპის ადმინისტრაციის თითოეულ დღეს, მე უბრალოდ ვიზრუნებ ამერიკაზე უპირველეს ყოვლისა. აღდგება ჩვენი სუვერენიტეტი, ჩვენი უსაფრთხოება და სამართალი”.
ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპმა წინა ადმინისტრაციები გააკრიტიკა. მისი თქმით, ამერიკის ხელისუფლება წლების განმავლობაში უარს ამბობდა ამერიკული საზღვრებისა და მისი ხალხის დაცვაზე.
„ჩვენი მთავრობა ნდობის კრიზისის წინაშეა. წლებია, რადიკალური და კორუმპირებული წყობა იპარავს ძალაუფლებასა და სიმდიდრეს ჩვენი მოქალაქეებისგან. განადგურებულია ჩვენი საზოგადოების საფუძველი. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ვერ უმკლავდება უბრალო, შინაურ კრიზისებს და ამავდროულად ერთვება საზღვრებს გარეთ სხვადასხვა კატასტროფულ კრიზისში. ვერ იცავს ჩვენს ბრწყინვალე, კანონმორჩილ მოქალაქეებს, მაგრამ აძლევს თავშესაფრებს საშიშ კრიმინალებს – ბევრი მათგანი ციხეებიდან და ფსიქიატრიული დაწესებულებებიდან მოდის.
The 60th Presidential Inauguration Ceremony https://t.co/kTB4w2VCdI
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) January 20, 2025
ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელმაც დიდი თანხა დახარჯა სხვების საზღვრების დაცვაში, მაგრამ უარს ამბობს ამერიკული საზღვრებისა და რაც უფრო მნიშვნელოვანია, მისი ხალხის დაცვაზე.
ამ მომენტიდან, ამერიკის უკუსვლა დასრულებულია. ჩვენს თავისუფლებებს და ჩვენი სახელმწიფოს დიდებულ ბედისწერას წინ აღარაფერი აღუდგება. დაუყოვნებლივ აღვადგენთ ამერიკის ხელისუფლების კომპეტენტურობასა და ერთგულებას. ბოლო 8 წელიწადში მე გამომცადეს იმაზე მეტჯერ, ვიდრე ნებისმიერი სხვა პრეზიდენტი ჩვენი 250-წლიანი ისტორიის განმავლობაში”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა გაიხსენა 2024 წლის 13 ივლისს პენსილვანიაში გამართულ წინასაარჩევნო ყრილობაზე მკვლელობის მცდელობა.
„შემიძლია გითხრათ, რომ გზა ჩვენი რესპუბლიკის დასაბრუნებლად მარტივი არ ყოფილა. მათ, ვინც ჩვენს საქმეს ეწინააღმდეგება, სცადეს ჩემი თავისუფლებისა და სიცოცხლის წართმევა. სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ პენსილვანიის მშვენიერ მინდორზე მკვლელის ტყვიამ ყური გამიჭრა. მჯეროდა მაშინ და კიდევ უფრო მჯერა ახლა, რომ მე გარკვეული მიზეზის გამო გადავრჩი. მე გადამარჩინა ღმერთმა, რათა ამერიკა კვლავ დიდებულ ქვეყნად მექცია.
სწორედ ამიტომ, ჩვენ, ამერიკის პატრიოტების ადმინისტრაცია, ყოველ დღე ვიმუშავებთ, რათა ყველა კრიზისს ღირსეულად, ძლიერად შევხვდეთ. ჩვენ ვიმოქმედებთ სწრაფად და მიზანმიმართულად, რათა აღვადგინოთ იმედი, კეთილდღეობა, უსაფრთხოება და მშვიდობა ყველა რასის, რელიგიის, კანის ფერისა და მრწამსის მოქალაქისთვის. აშშ-ის მოქალაქეებისთვის 2025 წლის 20 იანვარი გათავისუფლების დღეა”.
დონალდ ტრამპმა ისაუბრა აღმასრულებელი ბრძანებების სერიაზეც, რომლებზე ხელის მოწერასაც მეორე საპრეზიდენტო ვადის პირველივე დღიდან გეგმავდა.
„დღეს, ხელს მოვაწერ ისტორიული აღმასრულებელი ბრძანებების სერიას. ამ ქმედებით, ჩვენ სისრულეში მოვიყვანთ ამერიკის სრული აღდგენის პროცესსა და საღი აზრის რევოლუციას. პირველ რიგში, გამოვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას ჩვენს სამხრეთ საზღვართან. ყველა არალეგალური შემოსვლა დაუყოვნებლივ შეჩერდება და ამ პროცესში მილიონობით კრიმინალი უცხოელი დაბრუნდება იქ, საიდანაც მოვიდა. სამხრეთის საზღვართან გავგზავნი ჯარებს, რათა შევაკავო ჩვენს ქვეყანაში კატასტროფული შემოჭრა.
ხელს მოვაწერ აღმასრულებელ ბრძანებას, რათა დაუყოვნებლივ შეწყდეს ყველანაირი სამთავრობო ცენზურა და აღვადგენ გამოხატვის თავისუფლებას აშშ-ში. სახელმწიფოს უზარმაზარი ძალა აღარასოდეს გახდება პოლიტიკური ოპონენტების დევნის იარაღი”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ისაუბრა შეიარაღებული ძალების როლზეც არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში.
„ჩვენი შეიარაღებული ძალები შეძლებენ, ყურადღება დაუთმონ მათი ერთადერთი მისიის შესრულებას – დაამარცხონ აშშ-ის მტრები. შევქმნით ყველაზე ძლიერ სამხედრო დანაყოფებს, რაც კი ოდესმე უნახავს მსოფლიოს. ჩვენს წარმატებას განვსაზღვრავთ არა მხოლოდ იმით, თუ რამდენ ბრძოლას მოვიგებთ, არამედ იმით, თუ რამდენ ომს დავასრულებთ და ალბათ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იმ ომებით, რომლებშიც არასოდეს ჩავერთვებით”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა, აშშ-ის მე-60 ინაუგურაციის ცერემონიაზე.