დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდა.
„დავიბრუნებთ ჩვენს ქვეყანას. 20 იანვარს დასრულდება ამერიკის უკუსვლის ოთხი, გრძელი წელი და მოვა ახალი დღე – ამერიკის ძლიერების, კეთილდღეობის, ღირსებისა და სიამაყის დღე. ამ ყველაფერს ერთხელ და სამუდამოდ აღვადგენთ. დავასრულებთ წარუმატებელი და კორუმპირებული ადმინისტრაციის მმართველობას ვაშინგტონში. ამის ატანას აღარ ვაპირებთ“.
ეს განცხადება აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა ვაშინგტონში, თეთრ სახლში დაბრუნების აღსანიშნად გამართულ ყრილობაზე გააკეთა.
პირველი ვადის დროს იმპიჩმენტის მცდელობის, კოვიდპანდემიის გამო გამოწვეული ეკონომიკური კოლაფსის, კრიმინალური ბრალდებებისა და წინასაარჩევნო კამპანიის დროს მკვლელობის მცდელობას გადარჩენის შემდეგ დონალდ ტრამპი 20 იანვარს, საპრეზიდენტო ფიცს უკვე მეორედ დადებს. როგორც თავად ამბობს, ცერემონიის დასრულებისთანავე ქვეყნის ინსტიტუტების გარდაქმნისა და ამერიკისთვის სიდიადის დასაბრუნებლად მუშაობას პირველი დღიდანვე შეუდგება.
მისი ხელმოწერისთვის უკვე მზადაა უამრავი აღმასრულებელი ბრძანება, რომლებიც ტრამპის დაპირებების თანახმად, „ამერიკული კეთილდღეობის, ღირსებისა და სიამაყის ახალ დღეს“ მოიტანს.
„იხილავთ აღმასრულებელ ბრძანებებს, რომლებიც ძალიან გაგახარებთ. ბევრს, ძალიან ბევრს… ხვალ, მზის ჩასვლამდე უნდა დავაყენოთ ქვეყანა სწორ გზაზე. ამ დროისთვის უკვე დასრულებული იქნება ჩვენი ქვეყნის საზღვრებში შემოჭრა და ყველა კანონდამრღვევი სახლისკენ მიმავალ გზაზე იქნება“ ,- ამბობს აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი.
47-ე პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი დაპირება მეორე ვადის პირველი დღიდანვე, ამერიკის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური დეპორტაციის პროგრამის ამოქმედებაა. Fox News-ის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ ის საზღვრებზე საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს და სამხედროებს დახმარებას სთხოვს აშშ-ის სამხრეთ საზღვრის დაცვაში.
ჯერ კიდევ 2016 წელს პირველი საპრეზიდენტო ვადის ფარგლებში დონალდ ტრამპმა მოაწერა ხელი ბრძანებას საზღვარზე კედლის აშენების შესახებ, რომლის მიზანიც არალეგალური მიგრანტების მიერ ქვეყნის საზღვრის გადაკვეთის პრევენცია იყო.
კედლის გარკვეული ნაწილი აშენებულია, თუმცა ბევრი რამ დაუსრულებელი დარჩა. მოსალოდნელია, რომ დონალდ ტრამპი ამ ჯერზე დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას შეეცდება.
ექსპერტების თანახმად, ტრამპის დაპირება მილიონობით უსაბუთო მიგრანტის დეპორტაციის შესახებ უამრავ ლოგისტიკურ დაბრკოლებას წააწყდება და შესაძლოა ათობით ან ასეულობით მილიარდი დოლარიც კი დაჯდეს.
მოსალოდნელია, რომ 47-ე პრეზიდენტი „უცხო ქვეყნის ტერორისტული ორგანიზაციებიანად” დაასახელებს ნარკოკარტელებს ისეთ დაჯგუფებებთან ერთად როგორებიცაა „ალ ქაიდა” და „ჰამასი”. გავრცელებული ცნობებით, იგი ასევე გეგმავს, 2021 წლის 6 იანვარს აშშ-ის კაპიტოლიუმზე თავდასხმაში მონაწილეობისთვის ბრალდებულების შეწყალებას.
იგი ბრალდებულებს „მძევლებს“ უწოდებს და აცხადებს, რომ მისი გადაწყვეტილებით ყველა ბედნიერი დარჩება.
კლასიფიცირებული დოკუმენტების გასაჯაროება, იმპორტირებულ საქონელზე ტარიფების დაწესება, აშშ-ის პარიზის შეთანხმებიდან ისევ გაყვანა და სხვა – ეს დონალდ ტრამპის დაპირებების არასრული ჩამონათვალია, რომელთა შესრულებასაც საპრეზიდენტო ვადის პირველივე საათებში გეგმავს.
წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას იგი ასევე ხშირად საუბრობდა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის პირველივე დღესვე დასრულებაზეც. მას შემდეგ განაცხადა, რომ ამ მიზნის მიღწევას შესაძლოა 6 თვე დასჭირდეს, თუმცა ამ დრომდე უცნობია, სწორედ რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს შტატების 47-ე პრეზიდენტი.
ერთი რამ ცხადია: პირობას დებს, რომ იმოქმედებს უფრო სწრაფად და წავა უფრო შორს, ვიდრე ამას პირველი ვადის დროს აკეთებდა.
„ეს გამარჯვება მხოლოდ დასაწყისია. მთავარი სამომავლოდ მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარებაა, რომლებიც მომდევნო საუკუნის განმავლობაში ამერიკის ძლიერებას ჩაუყრის საფუძველს. საუკუნოდ და სამუდამოდ“, – აცხადებს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დასახელებული მილიარდერი ილონ მასკი.
რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად და „ჰამასსა” და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მყიფე შეთანხმების ფონზე აშშ-სა და მის ფარგლებს გარეთ მსოფლიო ყურადღებით აკვირდება, თუ როგორი იქნება დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკის ხედვა.
უამინდობის გამო დონალდ ტრამპი აშშ-ის კაპიტოლიუმის კიბის ნაცვლად კონსტიტუციის დაცვის ფიცს დახურულ სივრცეში დადებს.