მთავარიამერიკააშშტრამპის მთავარი გეგმები

ტრამპის მთავარი გეგმები

დონალდ ტრამპის უფლებამოსილება უკვე ძალაშია. ჯერ კიდევ რამდენიმე საათის წინ მთელი მსოფლიოს ყურადღება ვაშინგტონისკენ იყო მიპყრობილი. ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციისკენ, სადაც მან მეორედ დადო საპრეზიდენტო ფიცი.

მსოფლიოს ლიდერებიც და მსოფლიოს მოსახლეობაც ინტერესით ელოდნენ, რას იტყოდა ტრამპი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე. რას ეტყოდა ამერიკელ ხალხს და რას ეტყოდა მსოფლიოს. როგორი იქნებოდა მისი გზავნილები მიმდინარე კონფლიქტებსა თუ პოლიტიკურ კრიზისებზე.

30-წუთიან გამოსვლაში დონალდ ტრამპმა ბევრი ისაუბრა საკუთარ გეგმებზე და იმაზე, თუ როგორ დაუბრუნებს შტატებს დიდებას. ის ამერიკელ ხალხსა და მთელ მსოფლიოს დაჰპირდა, რომ ცვლილებებს პირველივე დღიდან დაიწყებს და ხელს მოაწერს მნიშვნელოვან განკარგულებათა მთელ წყებას.

„ამერიკის ოქროს ხანა იწყება ახლა. ჩვენ აღარ დავუშვებთ, რომ ვინმემ გამოგვიყენოს. ჩემი ადმინისტრაციის მუშაობის თითოეულ დღეს, მე უპირველეს ყოვლისა ვიზრუნებ ამერიკაზე. აღდგება ჩვენი სუვერენიტეტი, ჩვენი უსაფრთხოება და სამართალი. დასრულდება იუსტიციის დეპარტამენტის და ხელისუფლების ბოროტად, ძალადობრივად და უსამართლოდ გამოყენება. ამერიკა მალე გახდება უფრო დიდი, ძლიერი და ბევრად უფრო განსაკუთრებული, ვიდრე ოდესმე ყოფილა. მე დავბრუნდი პრეზიდენტად და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ეროვნული წარმატების ახალი ნამდვილად სანუკვარი ეპოქის დასაწყისში ვართ. ცვლილებების ტალღა მთელ ქვეყანას მოიცავს”, – თქვა ტრამპმა სიტყვით გამოსვლისას.

საინაუგურაციო სიტყვაში დონალდ ტრამპმა არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ამერიკა მსოფლიოს ლიდერი სახელმწიფოა და რომ ის თავად იქნება პრეზიდენტი, რომელიც მსოფლიოში მშვიდობას დაამყარებს.

„ჩემი ყველაზე საამაყო დანატოვარი იქნება, რომ მე ვიქნები მშვიდობისმყოფელი და გამაერთიანებელი. აი რა მინდა ვიყო – მშვიდობისმყოფელი და გამაერთიანებელი. მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ გუშინდელი მდგომარეობით, თანამდებობის დაკავებამდე ერთი დღით ადრე, ახლო აღმოსავლეთში მძევლები სახლებში ბრუნდებიან. ამერიკა დაიბრუნებს თავის კანონიერ ადგილს, როგორც უდიდესი, ყველაზე ძლიერი, ყველაზე პატივსაცემი ერი დედამიწაზე, რომელსაც მთელი მსოფლიო აფასებს. ცოტა ხანში ჩვენ ვაპირებთ, რომ შევცვალოთ მექსიკის ყურის სახელწოდება – ამერიკის ყურედ“ – უთხრა ტრამპმა მსოფლიოს.

მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტს დაიკავებს, ის აღმასრულებელი განკარგულებების ხელმოწერას გეგმას.

მათ შორის, ის აპირებს, ხელი მოაწეროს განკარგულებებს მასობრივ დეპორტაციასთან და მსჯავრდებულთა შეწყალებებთან დაკავშირებით.

„პირველ რიგში, გამოვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას ჩვენს სამხრეთ საზღვართან. ყველა არალეგალური შემოსვლა დაუყოვნებლივ შეჩერდება და ამ პროცესში მილიონობით კრიმინალი უცხოელი დაბრუნდება იქ, საიდანაც მოვიდა. სამხრეთის საზღვართან გავგზავნი ჯარებს, რათა შევაკავო ჩვენს ქვეყანაში კატასტროფული შემოჭრა“, – განაცხადა აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპთან ერთად, 20 იანვარს საზეიმო ფიცი ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმაც დადო.

ამ დროს მრავალი წლის ტრადიცია უჩვეულოდ ცივი ამინდის გამო დაირღვა და კაპიტოლიუმის კიბეების ნაცვლად, ამერიკის პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა ფიცი კაპიტოლიუმის შიდა სივრცეში დადეს.

ამ ღონისძიებაზე დაახლოებით 600 სტუმარი დაესწრო. და წელს დაირღვა კიდევ ერთი ტრადიცია – ფიცის დადების ცერემონიას ასიათასობით სტუმრის ნაცვლად, 600 სტუმარი ესწრებოდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend