მთავარიამერიკაარგენტინაემანუელ მაკრონი ბუენოს-აირესში არგენტინის პრეზიდენტს ხავიერ მილეის შეხვდა

ემანუელ მაკრონი ბუენოს-აირესში არგენტინის პრეზიდენტს ხავიერ მილეის შეხვდა

გუშინ, 17 ნოემბერს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დიპლომატიური ვიზიტით არგენტინაში ჩავიდა. იგი შეხვდა არგენტინის პრეზიდენტ ხავიერ მილეის კასაროსადაში, პრეზიდენტის რეზიდენციაში.

შეხვედრა ერთი საათი გაგრძელდა და ის საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა.

“რატომ ჩამოვიდა მაკრონი ბუენოსაირესში? იმისთვის, რომ მილეის ლეგიტიმაცია მისცეს? ჩვენ ამას ვერ მივიღებთ. მილეი განასახიერებს ყველაფერს, რაც ეწინააღმდეგება ქალთა და ლგბტ უფლებებს, კლიმატის ცვლილებას. მაკრონი, რომელსაც პროგრესული ხედვა აქვს, რატომღაც ულტრამემარჯვენე პრეზიდენტს ხვდება“, – ამბობს ჰერვე სეგატი, საფრანგეთის მოქალაქე, რომელიც 20 წელზე მეტია არგენტინაში ცხოვრობს.

ხავიერ მილეისთან შეხვედრამდე მაკრონი ეწვია სანტაკრუსის ეკლესიას, სადაც მან არგენტინის დიქტატორული რეჟიმის მსხვერპლთ პატივი მიაგო. ის შეხვდა დაღუპულთა ნათესავებსაც. ემანუელ მაკრონმა მათგან მიიღო წერილი, რომელშიც გაკრიტიკებულია ხავიერ მილეის პოლიტიკა. ისინი ასევე ამტკიცებდნენ, რომ პრეზიდენტი ადამიანის უფლებებს არღვევს.

ბუენოსაირესიდან მაკრონი გაემგზავრება რიო-დე-ჟანეიროში, სადაც დღეს 18 ნოემბერს დიდი ოცეულის სამიტი დაიწყება.

პარალელურად, აქციები იმართება საფრანგეთში, სადაც ფერმერები ევროკავშირსა და სამხრეთ ამერიკის ხუთ ქვეყანას – არგენტინას, ვენესუელას, ბრაზილიას, ურუგვაისა და პარაგვაის შორის სადავო სავაჭრო შეთანხმებას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სამხრეთ ამერიკიდან გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო იმპორტი ადგილობრივი ფერმერების საარსებო წყაროს საფრთხეს უქმნის. შიში კიდევ უფრო გაიზარდა დიდი ოცეულის სამიტის მოახლოებასთან ერთად. ფერმერები ამტკიცებენ, რომ მოლაპარაკებები შესაძლოა სწორედ ამ სამიტზე დასრულდეს.

სავაჭრო შეთანხმება გააკრიტიკა ემანუელ მაკრონმაც, რომლის თქმითაც, სამხრეთამერიკელი მწარმოებლები ევროკავშირის სტანდარტებს არ აკმაყოფილებენ. ფერმერები ამბობენ, რომ თუ ამ შეთანხმებას არ გაიწვევენ, ისინი გზებს გადაკეტავენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend