ლეგენდარული მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი 6 ახალგაზრდა მოჭადრაკეს ეთამაშება და თავის ოსტატობას უზიარებს.
მოჭადრაკეებმა ამ დარბაზში მოსახვედრად საკმაოდ რთული გზა გაიარეს. მათ ონლაინ საჭადრაკო ტურნირში გაიმარჯვეს, და როგორც ჯილდო, ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშესთან ნონა გაფრინდაშვილთან, ერთობლივი თამაშის სეანსში მონაწილეობის უფლება მიიღეს.
სეანსის დაწყებამდე, 83 წლის დიდოსტატი ახალგაზრდებს შეხვდა და გაესაუბრა. მან თავისი ხანგრძლივი და სახელოვანი კარიერიდან არაერთი საინტერესო ამბავი გაიხსენა.
„ჩატარდა ტურნირი, ტურნირები ფაქტობრივად, ბლიცტურნირები და გამარჯვებულებს შევხვდი, ასე ვთქვათ გამორჩეულ მოჭადრაკეებს.
ღირსეულად ითამაშეს ვიტყვი და განსაკუთრებით, აი ახალგაზრდა რომ არის, რომელმაც მომიგო. მე გადავწყვიტე, მეთამაშა ვარიანტის გარეშე.
ღირსეულად მომიგო, შემიძლია ვთქვა. იმიტომ რომ, რაც გათამაშდა დაფაზე, მე მსგავსი რაღაცები დავიწყებული მაქვს უკვე. სულ სხვაა ეგ, ნიუანსებს სეანსებში მნიშვნელობა აქვს.
ის რაც „სილქ ფლეიმ“ გააკეთა, მე მგონი, მოყვარულებისთვის სასიამოვნო რაღაც იყო. მითუმეტეს, როცა ასე ღირსეულად ითამაშეს, ასე ვთქვათ, დამაგვირგვინებელ სიტუაციაში“,-ამბობს ნონა გაფრინდაშვილი, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ჭადრაკში.
ნონა გაფრინდაშვილის ყველაზე პატარა მოწინააღმდეგე იმ დღეს 14 წლის ერეკლე ტაბატაძე იყო. ის ერთადერთი მოჭადრაკე გახლდათ, რომელმაც ამ სეანსში გაიმარჯვა.
„თავიდან ემოციური იყო ნონა გაფრინდაშვილს რომ შევხვდი. თან საინტერესოდ მეთამაშა, თეორიულ ვარიანტებზე არ წამოვიდა. მერე ნელ-ნელა უკეთესი პოზიციები მივიღე და აი, როცა ვგრძნობდი, რომ უკვე მოგებული მქონდა, ცოტა მიხაროდა, ხოლო, როცა მოვიგე – ძალიან გამიხარდა“, – ამბობს ერეკლე ტაბატაძე, ტურნირის გამარჯვებული.
სეანსს ჭადრაკის გულშემატკივრები თვალს ადგილზევე ადევნებდნენ, ასევე შესაძლებელი იყო ონლაინ – Youtube, Facebook და Twitch-ის პლატფორმებზე ყურება.
შეჯიბრს პირდაპირი ეთერის დროს ჭადრაკის საერთაშორისო დიდოსტატი, თორნიკე სანიკიძე უძღვებოდა და პროცესს კიდევ უფრო საინტერესოს ხდიდა.
„დიდი პასუხისმგებლობაა, როდესაც იცი, მიგყავს თამაშების პირდაპირი ტრანსლაცია ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილის. უბრალოდ რთულია მასზე ვილაპარაკო. იმიტომ რომ პირველი მსოფლიო ჩემპიონი და ჩვენი ლეგენდაა. მრავალგზის მსოფლიო ჩემპიონი და მთელ მსოფლიოში იმდენად დაფასებული ადამიანია, რომ ყოველთვის დიდი სტიმულია მასთან კომუნიკაცია და თამაში. შედეგი იმდენად მნიშვნელოვანი არ არის ხოლმე. ეს არის უბრალოდ ზეიმი, როდესაც შენ გაქვს შესაძლებლობა, ეთამაშო ესეთ ადამიანს. ამიტომ ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ მე მომეცა საშუალება, წამეყვანა ეს „ლაივი“,-ამბობს თორნიკე სანიკიძე, საერთაშორისო დიდოსტატი, ტურნირის კომენტატორი.
ამხანაგური შეჯიბრი ძალიან მეგობრული, თუმცა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ლეგენდარული დიდოსტატი ცდილობდა, ახალგაზრდების პოტენციალი და უნარები ბოლომდე გამოემჟღავნებინა.
სეანსი 3 საათს გაგრძელდა. ერთობლივი სეანსის თამაშებიდან, უმეტესი ნაწილი ყაიმით დასრულდა. ახალგაზრდა მოჭადრაკეები კი, მსოფლიო ჩემპიონთან თამაშით აღფრთოვანებულები იყვნენ.
„ჩვენთვის ყველასთვის დიდი პატივია ქალბატონ ნონასთან თამაში. ფრედ დავასრულე, რთული პარტია იყო, მაგრამ ძალიან სასიამოვნო სიტუაცია იყო და იმედია, კიდევ დიდხანს გაგრძელდება „სილქის“ და ჭადრაკის მეგობრობა.
ძალიან მაგარი ადამიანია, ასეთ ასაკში, რომ ისევ ასეთ დონეზე თამაშობს წარმოუდგენელია, სიტყვები არ მყოფნის. ყველგან დაძაბული პარტია იყო, 6-ივე დაფაზე.“
დიდი მადლობა „სილქს“, რომ ყოველდღიურად ატარებს ტურნირებს და თან ვერთობით, თან საპრიზო ფონდი არის და გვერდში გვიდგას ძალიან“,-ამბობს ნიკა ვოლკოვი, ტურნირის მონაწილე
შეჯიბრების ორგანიზატორი Silk Play-ია, რომელიც აქტიურად ზრუნავს ქართული „გეიმინგ“ ინდუსტრიის განვითარებაზე.
„სილქ ფლეის“ ორგანიზებით დღითიდღე უფრო და უფრო მეტი ტურნირი ტარდება, როგორც ონლაინ ასევე ფიზიკურ სივრცეში. „სილქ ფლეის“ ერთ-ერთი მიზანი ახალგაზრდა მოჭადრაკეების ხელშეწყობაცაა.
„დღეს იყო პირველი ფიზიკური შეხვედრა, სადაც ქალბატონი ნონა შეხვდა ონლაინ ტურნირების გამარჯვებულების ხუთეულს.
საკმაოდ კარგი წინააღმდეგობა გაუწიეს ქალბატონ ნონას.
ჩვენ გვინდა, რომ ხელი შევუწყოთ მოთამაშეებს, გუნდებს, რომ ჩამოყალიბდნენ, სისტემატურად ივარჯიშონ და მიიღონ ტურნირებში მონაწილეობა, რადგან ეს გაზრდის და გააუმჯობესებს მათ უნარებს. დახვეწს მათ იმ კონკრეტულ ასპექტებში, რაშიც თვლიან, რომ შესაძლებელია განვითარდნენ და გაუმჯობესდნენ.
Silk Play განაგრძობს სხვადასხვა თამაშში აქტივობებს“,-ამბობს მიშო ბერიანიძე, Silk Play-ს მთავარი მენეჯერი
სეანსის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდა მოჭადრაკეებმა ნონა გაფრინდაშვილისგან სამახსოვრო საჩუქრები მიიღეს, რომელიც მათ მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდასთან შეხვედრას მუდამ გაახსენებს.