მთავარიმსოფლიოგერმანიის კანცლერმა ფინანსთა მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა - შესაძლოა, დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები

გერმანიის კანცლერმა ფინანსთა მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა – შესაძლოა, დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ფინანსთა მინისტრი კრისტიან ლინდნერი თანამდებობიდან გაათავისუფლა. გადაწყვეტილებამ შეიძლება დაშალოს მმართველი სამპარტიული კოალიცია, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია ლინდნერის პარტია „თავისუფალი დემოკრატები”. ოლაფ შოლცმა ეს ნაბიჯი კოალიციაში რამდენიმეკვირიანი დავის შემდეგ გადადგა. ოლაფ შოლცი და კრისტიან ლინდნერი ეკონომიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე ვერ თანხმდებიან. შოლცის „სოციალ-დემოკრატების პარტიამ” და კოალიციის მესამე წევრმა, „მწვანეთა პარტიამ”, მხარი არ დაუჭირეს ლინდნერის შეთავაზებას სოციალური დახმარების პროგრამების შემცირების თაობაზე.

„ძალიან ხშირად აუცილებელ კომპრომისებს ახშობდა საჯაროდ დადგმული კამათი და ხმამაღალი იდეოლოგიური მოთხოვნები. ძალიან ხშირად მინისტრი ლინდნერი კანონპროექტებს უსაფუძვლოდ ბლოკავდა. ძალიან ხშირად ის მოქმედებდა ვიწრო პარტიული გადმოსახედიდან. მან ჩემი ნდობა დაკარგა. მას შემდეგ, რაც ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმებას მივაღწიეთ, ის ამ საბიუჯეტო შეთანხმებიდან ცალმხრივად გამოვიდა. შემდგომი თანამშრომლობისთვის აღარ არსებობს ნდობის საფუძველი. მთავრობის ამ გზით მუშაობა შეუძლებელია“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

.

გერმანიის კანცლერის განცხადებით, შეიძლება კოალიცია დაიშალოს და იანვარში მოუხდეთ ვადამდელი არჩევნების ჩატარება, რომელიც წესით სექტემბერში იყო დაგეგმილი.

„ახალ წელს პარლამენტის სესიის პირველივე კვირას წამოვწევ ნდობის გამოცხადების საკითხს, რომ პარლამენტმა მას კენჭი 15 იანვარს უყაროს. ეს პარლამენტის წევრებს საშუალებას მისცემს გადაწყვიტონ, ჩატარდეს თუ არა ვადამდელი არჩევნები. კონსტიტუციური კანონით გათვალისწინებული ვადების დაცვით ეს არჩევნები არაუგვიანეს მარტის ბოლომდე ჩატარდება”, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend