მთავარიევროპარუსეთირუსეთში სურთ, აკრძალონ „უშვილობის პროპაგანდა“

რუსეთში სურთ, აკრძალონ „უშვილობის პროპაგანდა“

დღეს, 17 ოქტომბერს, რუსეთის დუმამ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „უშვილობის პროპაგანდის” წინააღმდეგ. ამ კანონის დამტკიცების შემთხვევაში ჯარიმები დაუწესდებათ მათ, ვინც უშვილობას წაახალისებს.  ეს კანონპროექტი ეფუძნება რუსეთში 2022 წელს მიღებულ ანტილგბტქ კანონს და მისი მიზანია, ქვეყანაში შობადობის გაზრდა.

რუსეთის ხელისუფლებისთვის ე.წ. ტრადიციული ღირებულებების პოპულარიზაცია ახალი არ არის. კრემლი უკვე წლებია, ცდილობს ე.წ. ოჯახური ფასეულობების იდეოლოგია დაუპირისპიროს დასავლურ ლიბერალიზმს და წამოაჩინოს, რომ რუსეთში შობადობის შემცირებას ამერიკული იდეოლოგიური ზემოქმედება იწვევს. თუმცა ეს რიტორიკა მას შემდეგ გახშირდა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. სკოლებში დაინერგა სპეციალური გაკვეთილები ოჯახის შესახებ, რამდენიმე პარლამენტარმა კი უშვილო ოჯახებისთვის სპეციალური გადასახადების დაწესების იდეაც გამოთქვა. ამავდროულად, რუსეთში შეზღუდულია ხელმისაწვდომობა გადაუდებელ კონტრაცეფციასა და აბორტზე.

რაც შეეხება რუსეთის დემოგრაფიულ მდგომარეობას, 1999 წლის შემდეგ ქვეყანაში დემოგრაფიული კრიზისია. ოფიციალური მონაცემები აჩვენებს, რომ შობადობა ყოველწლიურად იკლებს. ანალიტიკოსები კი მიიჩნევენ, რომ ამ პრობლემას კანონი ვერ მოაგვარებს, რადგან  ქვეყანაში ძალიან რთული სოციალური ვითარებაა.

388 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი – რუსეთის სახელმწიფო დუმამ პირველი მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც „უშვილობის პროპაგანდას“ კრძალავს. კანონპროექტის თანახმად, ე.წ. „ჩაილდფრის” პროპაგანდა დაისჯება ჯარიმით. იმას თუ რა ჩაითვლება პროპაგანდად, გადაწყვეტენ რუსი კანონმდებლები… აი, ისინი, ვინც დღეს საკანონმდებლო ორგანოში ამ კანონის საჭიროებაზე საუბრობდნენ და ამბობდნენ, რომ ის ისეთივე საჭიროა, როგორც მათი თქმით, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“, ანუ ომი უკრაინაში.

„ჩვენს ქვეყანას თავს ესხმის ე.წ. კოლექტიური დასავლეთი, მათ მტრული გეოპოლიტიკური მიზნები აქვთ და გვჭირდება ძლიერი რუსეთი, ეს სიტყვები თქვა ჩვენმა პრეზიდენტმა ე.წ. სპეცოპერაციის დაწყებიდან 3 კვირის შემდეგ. ჩვენ წინააღმდეგ გააჩაღეს ნამდვილი ჰიბრიდული ომი მისი კლასიკური ფორმითა და გაგებით, შეიარაღებული დაპირისპირება, ეკონომიკური სანქციები და ბიოლოგიური ომი. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი თანამოქალაქეების სულისთვის. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ დღეს, როგორც სპეციალური სამხედრო ოპერაციის გარეშე, ასევე სპეციალური სამშვიდობო ოპერაციის გარეშე, ჩვენ ვერ დავიცავთ რუსეთსა და ოჯახის სიწმინდეს. ამის გარეშე ჩვენი ქვეყანა არ იქნება დიადი, არც აყვავებული, არც ძლიერი და არც თავისუფალი…

არ არის საჭირო აქ რაღაცების მოგონება და იმის გამოცნობა, რისთვის დაისჯებიან ხვალ… თუ გადაიღებენ ფილმებს, სადაც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია იქნება, ჩვენ ამას მივესალმებით.  იცით, საიდან დაიწყო საბჭოთა კავშირის დაშლა? მაშინ დაიწყო, როდესაც გადაიღეს ფილმი ექთანზე, რომელსაც არ უხდიდნენ საკმარისად და პროსტიტუციაში ჩაერთო. ამ ფილმის სანახავად კინოთეატრებთან რიგები იდგა. და რა მოხდა მერე? საბჭოთა კავშირი დაიშალა“, – ამბობენ რუსეთის დუმის დეპუტატები.

„უშვილობის პროპაგანდის“ აკრძალვის კანონპროექტის თანახმად, პროპაგანდა დაისჯება ჯარიმით, რომელიც ფიზიკური პირის შემთხვევაში 50 ათასიდან 400 ათას რუბლამდე იქნება, ანუ 1300-დან 11 ათას ლარამდე. თანამდებობის პირის შემთხვევაში ჯარიმა 22 ათას ლარზე მეტს შეადგენს, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში 140 ათას ლარამდეა. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ბავშვის გაჩენაზე უარის თქმის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთვის. აკრძალვა შეეხება ნებისმიერი სახის შეტყობინებას, ეს იქნება ინტერნეტში, მედიაში, ფილმებსა და რეკლამებში.

დუმაში სიტყვით გამოსვლისას დეპუტატები ამბობდნენ:

„რამდენიმე ათეული წლის წინ, ან თუნდაც, 10 წლის წინ უფრო ხშირად გვესმოდა, რომ ჩვენი მომავალი შვილები არიან. დღეს გვესმის, რომ საკუთარი თავისთვის ცხოვრება კარგია. ჩვენი მოზარდები და ახალგაზრდები ჩაითრიეს ამ პროპაგანდაში და ეს, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს ჩვენზე. გვესმის, რამდენად რთულია საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება, ის წლების განმავლობაში ყალიბდება, ყალიბდება ისეთი სტატიებიდან, სადაც ამბობენ, რომ ნორმალურია უშვილობა, შეიძლება ვინმეს არ უნდოდეს შვილი და ასე შემდეგ… მე კი  სახელმწიფოს სახელით ვიტყვით, რომ ოჯახების შეურაცხყოფა არ შეიძლება… ვიტყვი, რომ  რომ ბავშვი ოჯახის ნამდვილი ფასეულობაა”.

„ეს კანონი არ არის მხოლოდ ის, რაც გაიძულებთ, შეცვალოთ თქვენი ცხოვრება, საკუთარი თავი, თქვენი პრიორიტეტები, ეს არის ის, რაც ჩვენმა პრეზიდენტმა თქვა, ეს არის ძლიერი ოჯახი. ძლიერი ოჯახი, რომელიც შედგება ორი, სამი ან მეტი ბავშვისგან. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ოჯახების დაცვა, ეს არის ქვეყნების დაცვა”.

„მე მხარს ვუჭერ კანონპროექტს, რომელიც კრძალავს მშობიარობაზე უარის თქმის იდეოლოგიის პროპაგანდას.. მხარს ვუჭერ, რადგან აბა, სხვაგვარად როგორ შეიძლება? როგორ შეიძლება ამაზე ვინმემ უარი თქვას. ასეთ ბედნიერებაზე”.

კენჭისყრამდე კი რუსეთის დუმის დეპუტატებს მოწვეულმა სტუმრებმა ამ სიტყვებით მიმართეს: „თავისუფალმა ქვეყანამ უნდა დაიცვას თავი… ამერიკა დახურული ქვეყანაა, ჩვენთან კი ყველაფერი შესაძლებელია, ამიტომ, თქვენთან ერთად უნდა შევიმუშაოთ სამართლებრივი ჩარჩო… ასე რომ, ვისაც უყვარს ქალები, ვინც მათ იცავს, ვინც ფიქრობს ბავშვებზე, მხარს დაუჭერს ამ კანონპროექტს. ხოლო ვინც სუსტია, მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს და არ იცის, საით მიდის, არ დაუჭერს მხარს ამ კანონპროექტის მიღებას”.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend