მთავარიამერიკაარგენტინაარგენტინაში პრეზიდენტის “სიმკაცრის გეგმას” აპროტესტებენ

არგენტინაში პრეზიდენტის “სიმკაცრის გეგმას” აპროტესტებენ

არგენტინის დედაქალაქ ბუენოსაირესში სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების საპროტესტო აქციები იმართება. დემონსტრაციების მიზეზი არგენტინის პრეზიდენტის, ხავიერ მილეის მუქარაა – ვეტო დაადოს განათლების ბიუჯეტისა და მასწავლებლების ხელფასების ზრდას.

სექტემბერში სენატმა, რომელშიც უმრავლესობას ოპოზიციური პარტიები წარმოადგენდნენ, მიიღო უნივერსიტეტის დაფინანსების შესახებ კანონი, რომელიც ბიუჯეტის 0.14%-ის უმაღლესი სასწავლებლებისთვის გამოყოფას ითვალისწინებდა. თუმცა ხავიერ მილეიმ განაცხადა, რომ ამ კანონს ვეტოს დაადებს, რადგან მის „სიმკაცრის პოლიტიკას“ ეწინააღმდეგება.

ბუენოსაირესის უნივერსიტეტი, რომელიც კონტინენტის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სასწავლებელია, იუწყება, რომ ინფლაციის გამო თანამშრომლებს ხელფასები თითქმის გაუნახევრდათ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს დაფინანსება ინფლაციის ტემპს ვერ ეწევა.

პრეზიდენტის ე.წ. „სიმკაცრის გეგმა“ სახელმწიფო ხარჯების მაქსიმალურად შემცირებას ითვალისწინებს, რაც ხავიერ მილეის აზრით, ინფლაციისგან თავის დახსნის ერთადერთი საშუალებაა.

სტატისტიკა სხვა რიცხვებს იძლევა, აგვისტოში ინფლაციის წლიურმა მაჩვენებელმა 240%-ს მიაღწია. ამის მიუხედავად, მთავრობას არსებული პოლიტიკა არ შეუცვლია.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც არგენტინის ულტრა-მემარჯვენე პრეზიდენტი, რომელიც თავს ლიბერტარიანელს უწოდებს, მსგავს ინიციატივას ვეტოს ადებს.

იქამდე, სექტემბერში მან ვეტო დაადო კონგრესის მიერ პენსიების გაზრდის გადაწყვეტილებას.

ხავიერ მილეიმ სხვა საკამათო გადაწყვეტილებებიც მიიღო. მან დაითხოვა 7000 საჯარო მოხელე და დამატებით 15 000 საჯარო სამსახური გააუქმა. აგრეთვე, მისივე ინიციატივით, სახელმწიფომ შეწყვიტა სოფლის მეურნეობისა და სხვა სფეროების სუბსიდირება.

სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების აქციას ოპოზიციურმა პარტიებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს.

იმ შემთხვევაში თუ ხავიერ მილეი კანონს ვეტოს დაადებს, კონგრესს მისი მიღება ორივე პალატაში ხმათა ორი მესამედის დაგროვებით მაინც შეეძლება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend