პორტუგალიაში ტყის მასშტაბურ ხანძრებთან გამკლავებას ათასობით მეხანძრე ცდილობს. ქვეყნის ჩრდილოეთით 100-ზე მეტი ხანძრის კერა მძვინვარებს, რასაც შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის სამი მეხანძრეა, რომლებიც გარდაცვლილები იპოვეს მანქანაში. ერთი მეხანძრე საავადმყოფოშია გადაყვანილი.
რეგიონში მეხანძრეებისა და საჯარო მოხელეების საგანგებო მობილიზების მიზნით პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა ლუის მონტენეგრომ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
პრემიერ-მინისტრი პოლიციას მოუწოდებს, გააორმაგოს ძალისხმევა და შეისწავლოს ხანძრის გაჩენის მიზეზები. სახელმწიფო დაზარალებულ მოსახლეობას დახმარებას დაჰპირდა.
კლიმატის ცვლილების მონიტორინგის თანამგზავრული სისტემის „კოპერნიკუსის“ ინფორმაციით, ხანძარმა, რომელიც 13 კილომეტრს მოიცავს, 15 000 ჰექტარზე მეტი ფართობი გადაწვა. ასევე საფრთხის ქვეშაა ტერიტორია, სადაც 210,000 ადამიანი ცხოვრობს.
ცეცხლის ჩაქრობაში პორტუგალიას მეზობელი და ევროპის ქვეყნები ეხმარებიან. ესპანეთმა მას 240 ჯარისკაცი და საგანგებო სამსახურის სპეციალური მანქანები გაუგზავნა.
პორტუგალიამ საფრანგეთიდან 4, ესპანეთიდან და იტალიიდან კი 2-2 სახანძრო თვითმფრინავი მიიღო. პორტუგალიას სახანძრო თვითმფრინავები გაუგზავნა მაროკომაც.