მთავარიევროპასაბერძნეთისაბერძნეთში ტყის ხანძრების სეზონის დაწყების შემდეგ ხანძრის 4000 კერა გაჩნდა

საბერძნეთში ტყის ხანძრების სეზონის დაწყების შემდეგ ხანძრის 4000 კერა გაჩნდა

მოქანდაკე ვანგელის ილიასი ცდილობს იმ ნივთების მოგროვებას, რომლებიც მის სახელოსნოს შემორჩა.

აგვისტოში მძვინვარე ტყის ხანძარმა ათენის ჩრდილოეთი მოიცვა. ცეცხლი ქალაქშიც გავრცელდა და სულ რამდენიმე მეტრით მიუახლოვდა იმ ადგილს, სადაც ილიასი თეთრი მარმარილოსგან ქანდაკებას ქმნიდა. ხანძარს გადაურჩა ერთ-ერთი ბერძენი მართლმადიდებელი წმინდანის ბიუსტი, რომელიც ახლა გაჭვარტლული დგას.

„ფინანსურ ზარალზე არაფერს ვამბობ, მე ჩემი ნამუშევრები დავკარგე, რაღაც სულიერი“, – ამბობს ილიასი, რომელიც ამ საქმიანობას უკვე 35 წელია, ბავშვობიდანვე ეწევა.

მოქანდაკე ვანგელის ილიასი უყურებს თავის ნამუშევრებს სახელოსნოში, რომელიც ტყის ხანძრის დროს დაზიანდა, 22 აგვისტო, 2024 წელი Copyright AP Photo/Thanassis Stavrakis

ტყის ხანძარმა, რომელიც 11-13 აგვისტოს გაჩნდა, 100 კვადრატული კილომეტრი ტყის მასივი და ბუჩქნარი გადაწვა. ცეცხლი მიუახლოვდა ქალაქ მარათონში არსებულ წყლის რეზერვუარს.

ხანძრის გამო ათენის გარეუბნებში მცხოვრები ათასობით ადამიანი იძულებული გახდა, ტერიტორია დაეტოვებინა. ხანძრის შედეგად განადგურდა სახლები, ბიზნესები, მწვანე სივრცეები და ერთ-ერთი სპორტული არენა. ხანძარმა აშკარად დაატყო თავისი კვალი საბერძნეთის დედაქალაქის ჩრდილოეთ ნაწილს.

კლიმატის კრიზისისა და საჯარო დაცვის მინისტრის ვასილის კიკილიასის თქმით, მათ იცოდნენ, რომ ეს წელი ისტორიაში ყველაზე რთული იქნებოდა ხანძართან ბრძოლის თვალსაზრისით. მისი ინფორმაციით, პირველი მაისის შემდეგ, ანუ როდესაც ხანძრების სეზონი დაიწყო, 4000 კერა გაჩნდა, რაც გასულ წელთან შედარებით 50 პროცენტით მეტია.

ტყე ხანძრის შემდეგ, ათენიდან ჩრდილოეთით 25 კილომეტრში, 23 აგვისტო, 2024 წელი Copyright AP Photo/Thanassis Stavrakis

გაშავებული ბორცვები, გადამწვარი მანქანები და მიყენებული ზიანი სტიქიური მოვლენის ინტენსივობის შეხსენებაა. ხანძრის ლიკვიდაციაში ჩართული იყვნენ მეხანძრე-მაშველები და შესაბამისი ტექნიკა. როგორც ცნობილია, საბერძნეთს ხანძრების დროს ასევე დაეხმარნენ სხვა ქვეყნებიც.

მთავრობამ ხანძრების დროს მოსახლეობის მყისიერი ევაკუაცია დაიწყო, თუმცა, ამავდროულად, დაწესდა ჯარიმები მათთვის, ვინც უგულებელყოფდა სახანძრო უსაფრთხოების ნორმებს.

„ჯერ ხანძარი გაჩნდა, მერე ძლიერმა ქარმა მის გავრცელებას შეუწყო ხელი. ეს იყო ბუნებრივი ფენომენი, თუმცა ბევრმა მოქალაქემ ყურადღება არ მიაქცია ევაკუაციის ბრძანებას. ასე რომ, ჩვენ ამ ყველაფერში მხოლოდ პოლიტიკოსებს ვერ დავადანაშაულებთ, რადგან ყველას ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაქვს“, – ამბობს ილიასი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend