მთავარიგადაცემებიპრიზმადიდი თავგადასავლები ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულებისთვის

დიდი თავგადასავლები ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულებისთვის

თუ დასავლეთ საქართველოში დიდ თავგადასავლებს ეძებ, ნისლით დაფარული პალიასტომი უნდა გადაცურო. დიდხანს იარო ჭურიისა და ფიჩორის ხეობებში, ბოლოს მიადგე მდინარის ნაპირებს, რომელსაც თვალუწვდენელი ტყე ესაზღვრება. ტყე რომელშიც შემორჩენილია წითელ ნუსხაში შესული კოლხური მუხა, ლაფანი, თუ კოლხური ბზა.

ზუსტად არავინ იცის, რამდენი საუკუნის ისტორიას ინახავს კოლხეთის ეროვნულ პარკში ტორფნარები და ჭაობები. უნიკალური მცენარეები მნიშვნელოვან არქეოლოგიურ ინფორმაციასაც იტევს და გარემოს დაცვისთვისაც უმნიშვნელოვანესია. ქვეყნის ამ უდიდეს საგანძურს 2021 წლიდან იუნესკო იცავს.

კოლხეთის ეროვნულ პარკში მოგზაურობა პალიასტომის ვიწრო არხებში არ მთავრდება. შეგიძლია მოგზაურობა თვალუწვდენელ ხეობებში გააგრძელო, კლდეზე დაკიდებულ ბილიკებზე იარო და ასე მოიარო ციცაბო კლდეებს შორის მოქცეული მდინარე ოკაცე. კიდული ბილიკის სრულად გავლას 2-3 საათი სჭირდება. და როცა იმ ადგილს მიაღწევ, საიდანაც ოკაცეს კანიონის ყველაზე შთამბეჭდავი ხედები მოჩანს, საქართველოდან თუ  სხვადასხვა ქვეყნიდან იქ აუცილებლად დაგხვდებიან სტუმრები, მოგზაურები, რომლებიც იტყვიან, რომ აქ მოსვლა ნამდვილად ღირდა.

ოკაცეს კანიონს დაცული ტერიტორიების სტატუსი 2007 წელს მიენიჭა, 2014 წელს კი საქართველოში პირველად ააგეს კლდეებზე გადმოკიდებული ბილიკები. უჩვეულო ბილიკები ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულებისთვის, მათთვის, ვისაც ბუნება და თავგადასავლები ყველაზე მეტად უყვარს.

შემდეგ კი 30 000 წლის ისტორიის მღვიმის მონახულება შეიძლება. ეს თეთრა მღვიმეა ქალაქ წყალტუბოში. არქეოლოგიური გათხრების შედეგად, აქ 15 000 არტეფაქტი აღმოაჩინეს. ამ მღვიმეში იპოვეს პირველყოფილი ადამიანის ძვლები, ადამიანის მიერ დამზადებული საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთები და საბრძოლო იარაღები, მათ შორის, სპილენძის ისრის პირი, რომელიც იმ დროისთვის იშვიათი ნაკეთობა იყო.

თეთრა მღვიმე მხოლოდ 300 საუკუნის ისტორიას არ ინახავს. აქაურობა სპალეო-გამაჯანსაღებელი თერაპიისთვისაც უნიკალურია. სასუნთქი გზებისა და სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ აქ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან წელიწადის ყველა დროს ჩამოდიან.

და კიდევ ერთი ამბავი თეთრა მღვიმეზე – ეს საქართველოში ერთადერთი მღვიმეა, სადაც ღვინოს ავარგებენ. აქ მოსულ სტუმრებს კი სპეციალურ ღვინის ტურს სთავაზობენ და უმასპინძლდებიან იმერული ცოლიკაურით, კრახუნათი, ოცხანურითა და სხვა უნიკალური ჯიშებით.

და, რა თქმა უნდა, მოგზაურობა ამით არ სრულდება. არც კანიონის ვიწრო ბილიკებზე და არც მდინარე ფიჩორისა და ჭურიის ნაპირებთან. წინ ბევრი თავგადასავალია. და ვინ იცის, კიდევ რამდენი მოგზაურის მოგონებებში დარჩება სამუდამოდ ეს ველური ბუნება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend