ქალების თვალსაჩინო მიგრაცია საქართველოდან 90-იანი წლებიდან იწყება და მას შემდეგ უამრავი ქალი უკვე იქცა ონლაინდედად, ონლაინბებიად…
ყველა ქალს ემიგრაციაში წასვლის განსხვავებული ისტორია აქვს, თუმცა ხშირად ერთი მიზეზი – ოჯახის ფინანსური მხარდაჭერა.
ასე იყო თამარ გვერდწითელის შემთხვევაშიც, რომელიც იტალიაში ექვსი წლის წინ წავიდა.
„ვმუშაობ მოხუცის დამხმარედ, მაგრამ ის თავისუფალი დღე, რომელიც ემიგრანტებს გვაქვს, გამიმართლა და საკვირაო სკოლის პედაგოგი ვარ. ქართველ ბავშვებს, რომლებიც იტალიაში დაიბადნენ, ქართულს ვასწავლი.
ეს ადამიანური მძიმე მომენტია, როცა ტოვებ მშობლებს იმ ასაკში, როცა მათზე უნდა ზრუნავდე, მაგრამ სხვა ადამიანზე ზრუნვის პასუხისმგებლობას იღებ ანაზღაურების ფასად, შინაგანი დრამაა და იცი, რომ მერე დაბრუნდები და შენი საყვარელი ადამიანები ასაკის გამო აღარ იქნებიან ცოცხლები. შვილებს რაც შეეხება, ჩემი წარმოსახვით მეც ონლაინდედა და ონლაინბებია ვარ, რომლებსაც ბევრი წელი ვაყალიბებდი, რომ შვილიშვილებს წავყვებოდი სკოლაში, ახლა წარმოსახვით ვარ მათთან გაკვეთილზე“, – გვიყვება თამარ გვერდწითელი.
თამარ გვერდწითელისთვის არა, თუმცა ზოგი ქალისთვის ქვეყნიდან წასვლა სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი გზაა.
„მძიმე ეკონომიკური პრობლემებია, რის გამოც ხშირად ქალები ქვეყანას ტოვებენ, თუმცა შეიძლება იყოს გარემოებები, რომლებიც მოტივატორია ემიგრაციის და ეს ცალსახად ძალადობაა. ქალთა მიმართ ძალადობის საქმეები ცხადყოფს, რომ ემიგრანტი ქალები ხშირად გამოსავალს ძალადობისგან თავის დასაღწევად სწორედ ემიგრაციაში ხედავენ და ათასობით კონსულტაცია, რომელიც გამიცია, ყოფილა იმ ინფორმაციის შემცველი, რომ ემიგრაცია მათთვის იყო სიცოცხლის გადარჩენის გზა ეკონომიკურ გადარჩენასთან ერთად“, – განაცხადა „უფლებები საქართველოს“ იურისტმა ელისო რუხაძემ.
ამ და სხვა მიზეზების გამო ბოლო წლებში საქართველოდან მიგრაციის სალდო უარყოფითია. საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს წინა წელთან შედარებით საქართველოდან ემიგრაცია 95,6 პროცენტით გაიზარდა. არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა თუ 90 წლების შემდეგ რამდენმა ქალმა დატოვა ქვეყანა.
„ხშირად არის იმის მაგალითი, რომ ზოგიერთი ბრუნდება, მაგრამ უწევთ რეემიგრაციაში წასვლა იმიტომ, რომ შრომით ბაზარზე ვეღარ არიან ისეთი ფუნქციურები, იმის გამო, რომ სოციალურ-ეკონომიკური ფონი ყოველთვის უფრო და უფრო მწვავდება, სიღარიბე იზრდება, ამიტომ რეემიგრაციის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია“, – განაცხადა „ქალები საერთო მომავლისთვის – საქართველოს“ პროგრამების მენეჯერმა მელანო ცხვარაძემ.
ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ მზარდი მიგრაციის პრობლემის მოგვარება დიდწილად შეუძლია ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციას. ასე ფიქრობს თამარ გვერდწითელიც, რომელსაც მიაჩნია, რომ მისი ევროპული გამოცდილება ქვეყნის ევროპულ მომავალს გამოადგება.
„ის ფასეულობები, რომლებსაც ვპოულობთ და ვიღებთ აქ მნიშვნელოვანია დღევანდელი ჩვენი ქვეყნისთვის, რათა შევიძინოთ ის ფასეულობები, რომლებიც საქართველოში ახლა ყალიბდება, იმიტომ, რომ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხში საზღვარგარეთ მიღებული გამოცდილება მნიშვნელოვანია და ასევე ამ ფასეულობების ჩვენს კულტურაზე მორგება“, – ამბობს თამარ გვერდწითელი.
ანა ალელიშვილი