მთავარისაქართველოსაქართველოს პრეზიდენტმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში შეტანილი წვლილისთვის ვასილ ნაყეური ღირსების მედლით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში შეტანილი წვლილისთვის ვასილ ნაყეური ღირსების მედლით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და შენარჩუნებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისა და ქვეყნის ერთგული სამსახურისათვის ფშავის მკვიდრი ვასილ ნაყეური ღირსების მედლით დააჯილდოვა. არხოტში ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაციის პროექტში მონაწილეობდა ვასილ ნაყეური, რომელმაც 2024 წლის 30 მაისს მემკვიდრეობის სფეროში ევროპის უმაღლესი აღიარების ჯილდო „ევროპა ნოსტრა“ მოიპოვა. ცერემონიაზე საქართველოს ეროვნული ფონდის პროექტის „ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაცია არხოტში“ წარმატებით ჩართულობისა და მონაწილეობისათვის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სიგელებით დაჯილდოვდნენ ქართული და საერთაშორისო ორგანიზაციები. ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაციაზე საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით  საქართველოში დაიხარჯა 420 000 ლარი, საიდანაც, დაახლოებით, 90 000 ლარი პროექტში ჩართულ ადგილობრივ თემს მოხმარდა.

„ეს პროექტი იმ კუთხითაც აღსანიშნავია, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა მიენიჭა, პირველ რიგში, საზოგადოებისა და თემის ჩართულობას, როგორც ამ პროექტის ერთ-ერთ ძალიან საინტერესო ასპექტს. და მართლაც, ჩვენთვის ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დემოკრატია სწორედ ესაა, რაც ჩვენ გვაქვს, მაგრამ ბევრად მეტად გვჭირდება სხვადასხვა პროექტსა და სხვადასხვა მიმართულებით სწორედ საზოგადოებისა და მოქალაქეების მეტი ჩართულობა. მინდა, ასევე აღვნიშნო, რომ ალბათ, ეს პროექტი არ იქნებოდა, რომ არა ჩვენი ევროპელი პარტნიორები. არც ჩვენ და არც ისინი არ ითვლიან 33 წლის განმავლობაში, ჩვენმა პარტნიორებმა სხვადასხვა დარგში სხვადასხვა სფეროს განვითარებისთვის, რამდენი მიმართულებით რამდენ პროექტში გაუწოდეს ხელი ჩვენს ქვეყანას. ეს ნორმალურმა ქვეყანამ არასოდეს უნდა დაივიწყოს და მე მჯერა, რომ ჩვენ ძალიან ნორმალური ქვეყანა ვართ და ვიცით, რა არის მადლიერება”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

პროექტის „ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაცია არხოტში“ ხელმძღვანელი მარინა მიზანდარი გახლდათ. მისი თქმით, პროექტისას ქართულმა მხარემ დიდი გამოცდილება მიიღო ფრანგ და ბრიტანელ პარტნიორებთან თანამშრომლობით.

„იქაურობის გაცოცხლება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის ადამიანები, ვინც დღეს იქ სახლობს, არიან გმირები, მცველები. ეს მცველობა ძალიან რთული მისიაა დღევანდელ დღეს და მათ სჭირდებათ თანადგომა, სწორი განვითარება“, – აღნიშნა მარინა მიზანდარმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend