„ჩვენ ახლა ვიმყოფებით აქ. დღევანდელი მარშრუტი არის ქედზე ასვლა, საიდანაც გაიშლება ულამაზესი ხედები“.
ეს ანა ტატეოსიანია. პირველად ლაშქრობაში 8 წლის წინ წავიდა. ეს საქმე ჯერ მისი ჰობი, შემდეგ კი პროფესია გახდა. წლების წინ უნივერსიტეტში მოლაშქრეთა კლუბი დააარსა და დღემდე მისი წევრია. ამბობს, რომ ყველაზე ძვირფასი და ერთგული მეგობრები სწორედ ლაშქრობისას შეიძინა.
„ლაშქრობა ჩემთვის არის ბედნიერება, თავისუფლება და სიხარული…2016 წლიდან ლაშქრობაში დავდივარ, უკვე მერვე წელია. დრო ისე მალე გადის ვერც ვითვლი. ახლა Visit Georgia- ში ტრექინგგამყოლად ვმუშაობ. პარალელურად, რა თქმა უნდა, ჩემ მიერ დაარსებულ თსუ-ის „მოლაშქრეთა კლუბში“ ვეხმარები ბავშვებს ლაშქრობების ორგანიზებაში“, – ანა ტატეოსიანი, გიდი-გამყოლი.
ახლა ანა სამოგზაურო ტურებსაც აწყობს – არჩევს საინტერესო მარშრუტებს, გზებსა და ადგილებს. ამბობს, რომ ინფორმაციის სწრაფად მიმოცვლის ეპოქაში ლაშქრობით სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება.
ანამ ნიკა უნივერსიტეტის მოლაშქრეთა კლუბში გაიცნო. სწორედ ეს – კუს ტბა- მთაწმინდის, ბილიკი იყო მათთვის პირველი გასვლა.
ეკატერინე ლაშქრობით ერთი წლის წინ დაინტერესდა, ახლა კი თსუ-ის მოლაშქრეთა კლუბის ხელმძღვანელია.
„ჩემთვის ლაშქრობა ყველაფერი ერთადაა – მთელი საქართველოს დათვალიერება, ღირსშესანიშნაობების ნახვა, კულტურის უკეთ შეცნობა, კუთხეებისთვის სახასიათო კერძების დაგემოვნება. გავიცანი ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებთანაც საერთო ინტერესები მქონდა. ლაშქრობა ასევე ჩემი თავის გამოცდის საშუალებაა“, – ეკატერინე ყორღანაშვილი.
ნიკასთვის ბუნებაში ფეხით სიარული ბავშვობიდან განსაკუთრებული სიამოვნება იყო. 2021 წლის 20 ოქტომბერს კი პირველი სალაშქრო გასვლა ჰქონდა. ახლა ლაშქრობების შესახებ იუთუბისთვის ამზადებს მასალებს და დამწყებ მოლაშქრეებს თავის გამოცდილებას უზიარებს.
„მიყვარს ბილიკების სხვადასხვა სეზონზე ნახვა – როგორია განსხვავება, რადგან ყველა სეზონს განსხვავებული ხიბლი აქვს. ყველაზე მეტი გასვლა მქონია თბილისის ეროვნულ პარკში, საგურამოში, ასევე ზედაზნისა და მთაწმინდა-კოჯრის მიმართულებით… ნებისმიერ ჩვენს მოქალაქეს, ვინც თბილისში ცხოვრობს და სურს ლაშქრობების დაწყება, ვურჩევდი, რომ სწორედ ამ გზით დაიწყოს. გამოცდის საკუთარ თავს, ნახავს კარგ პანორამულ ხედებს და მოსათელადაც იდეალურია…“, – ნიკა დუშუაშვილი, მოლაშქრე.
ზაფხული ლაშქრობებისთვის საუკეთესო პერიოდად ითვლება. რადგან ზამთრის სეზონისთვის სალაშქრო ბილიკები სათანადოდ ჯერ კიდევ არ არის მოწყობილი. განსაკუთრებით, მთაგორიან რეგიონებში, სადაც თოვლის საფარი მაღალ ნიშნულს აღწევს.
გამოცდილი მოლაშქრეები დამწყებებს ურჩევენ, რომ მარტივი მარშრუტებით დაიწყონ, რელიეფების მიხედვით სწორად განსაზღვრონ მარშრუტები და თავგადასავლისთვის მოემზადონ.